რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ავტოსადგურებს და მძღოლებს?
წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ავტოსადგურებში არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები.
კანონპროექტის მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებით ხდება ორი სახის ნებართვის შემოღება – საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომელთა აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო რეგულარული თუ არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო ტვირთის გადაზიდვა.
ასევე, კანონს ემატება ავტოსადგურთან დაკავშირებული მუხლები, რომლებიც განსაზღვრავენ ავტოსადგურის კლასებს და მათ სერტიფიცირებას.
სამივე კლასის სამგზავრო ავტოსადგურის ფუნქციონირების წესი, პირობები, მათ მიმართ წაყენებული კონკრეტული მოთხოვნები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასევე, ავტოსადგურის სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები, რომელიც განსაზღვრავს ავტოსადგურისთვის სერტიფიკატის ვადის, გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების, განახლების და გაუქმების პირობებს, მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.
კანონპროექტით სანებართვო მოსაკრებლის ღირებულებაც გაწერილია. ბიზნეს ოპერატორს 2025 წლის 1 მაისამდე სახელმწიფო ბიუჯეტში (მხოლოდ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის შემთხვევაში) – 100 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო შემდგომ 500 ლარის გადახდა. ნებართვას 5-წლიანი ვადა აქვს.
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილ უნდა იქნეს 500 ლარი, ხოლო უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ სავალდებულო იქნება 1500 ლარის გადახდა – საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვის აღების შემთხვევაში.
ამასთან, კანონპროექტში საუბარია ე.წ “ხიშნიკების” თემაზეც, რომლებიც არაფორმალურად ახორციელებენ საქმიანობას დღეს საქმიანობას და მგზავრები გადაჰყავთ. შეფასების პროცესში განხორციელებული გამოთვლების მიხედვით, არაფორმალური საქმიანობის სრულად აღმოფხვრის შემთხვევაში, არარეგისტრირებული ოპერატორებისგან მიღებული დამატებითი საგადასახადო შემოსავლები წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს შეადგენს, მხოლოდ 2022-2031 წლებში არაფორმალური სექტორის შემცირების შედეგად ბიუჯეტში გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების მიმდინარე ღირებულება შეადგენს 5.3 მილიონ ლარს.
რაც შეეხება კანონის ამოქმედებას, კანონპროექტით განსაზღვრულია ორი თარიღი. კერძოდ, კანონის ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2024 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო კანონპროექტით დადგენილი რიგი ვალდებულებების შესასრულებლად განსაზღვრული თარიღი 2023 წლის 1 დეკემბერია.