რა იცვლება ავტომობილის ინსპექტირების წესში ივნისიდან?
ახალი კანონი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 22 მაისს დაამტკიცა და ის 3 ივნისიდან ამოქმედდება, ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირების წესსა და ვადებს აზუსტებს, წინა ინსპექტირებისას გამოვლენილი ხარვეზების სრულად აღმოფხვრამდე.
„23. სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მიმართ უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რომლის დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში ინსპექტირების შედეგების მითითებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, დადგენილი საფასურის გადახდის შესაბამისად, ამ მუხლის 251 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად“.
„25. თუ განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინსპექტირების ანგარიშში მითითებული ამ რეგლამენტის დანართ №1-ით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი ან თუ განმეორებითი ინსპექტირებისას ვიზუალური შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი ხარვეზი, რომელიც არ არის მითითებული ინსპექტირების ანგარიშში, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მითითებით.
ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებაზე წარმდგენი იღებს გაფრთხილებას კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, ამ მუხლის 251 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად“.
ახალი ცვლილებით რეგლამენტს დაემატა შემდეგი შინაარსის 251 პუნქტი:
„251. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, დადგენილი საფასურის გადახდის შესაბამისად, ინსპექტირების ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
თუ ინსპექტირებისას გამოვლინდება ამ რეგლამენტის დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი, ინსპექტირება არ ჩაითვლება დადებითად გავლილად და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში ხარვეზების მითითებით, რა შემთხვევაშიც ყოველი მომდევნო ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით დადგენილ ვადაში და წესით, ამ რეგლამენტის დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზის სრულად აღმოფხვრამდე.
ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სატრანსპორტო საშუალებაზე ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ყველა შემდგომი ინსპექტირება უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, ამავე პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში, დანართ №1-ში აღნიშნული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზის სრულად აღმოფხვრამდე.“.
განახლებული რედაქციით ჩამოყალიბდა ასევე რეგლამენტის 27-ე და 271 პუნქტები:
„27. თუ ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზ(ებ)ი ან სახეზეა მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ი, მიიჩნევა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში, ბოლო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების თარიღიდან მომდევნო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების საბოლოო ვადის მითითებით.
უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, აღნიშნული ხარვეზ(ებ)ის შესახებ მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში.
271. ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში მითითებული უმნიშვნელო ხარვეზი მიჩნეული იქნება მნიშვნელოვან ხარვეზად, თუ მისი აღმოფხვრა არ მოხდება შემდგომი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელებამდე. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ მუხლის 251 პუნქტის შესაბამისად განხორციელებულ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე.“.
დანართი №1 – ეს არის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დანართი, სადაც განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებების სისტემები და კომპონენტები, ინსპექტირების მეთოდი, მინიმალური სტანდარტები და ის კრიტერიუმები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრისთვის გამოიყენება.
2023 წლის ივნისიდან ასევე ამოქმედდება ახალი ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რაც ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის გამო დაჯარიმებას ეხება.