თბილისის რამდენიმე უბანში დიდგაბარიტიანი ავტომობილების მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება
დედაქალაქის მერიის მიერ წარდგენილი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა. კერძოდ საქმე ეხება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვას 08:00-11:00 საათებში და 17:00-20:00 საათის შუალედში.
„თემა ეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. საზოგადოებამ იცის, თუ რამხელა რეფორმა წამოვიწყეთ 2017 წელს. არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განვახორციელეთ: განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები და მიკროავტობუსები, ველოდებით 18-მეტრიანი ავტობუსების შემოსვლას, განხორციელდა მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სრულად გამოვცვალეთ ძალოვანი კაბელები, დაგეგმილი გვაქვს ვაგონების მოდერნიზება, განხორციელდა ტაქსების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, შემოვიღეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა და ა.შ. ყოველივე ეს ემსახურება იმას, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს. ცხადია, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დედაქალაქში არსებული კერძო ავტოპარკი. დღეს თბილისში 650 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება, რაც ქმნის ე.წ. საცობებს, განსაკუთრებით პიკის საათებში. საცობების წარმოქმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილებს, რომლებიც, თავიანთი გაბარიტებიდან და მოცულობიდან გამომდინარე, ძალიან აფერხებენ მოძრაობას, ასევე, ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან საგზაო მოძრაობა დიდი ხნით ჩერდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.