დაიწყება თუ არა სექტემბრიდან, გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი
ამის შესახებ „ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის" თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვილმა მედია ცენტრ "მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იორდანიშვილმა ავტომობილების ტექინსპექტირების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, გასულ თვეში მიმართვიანობა 20%-ით გაზარდა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში 1 600 000 რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებაა და აქედან ტექინსპექტირებას 800 000 ერთეული ტრანსპორტი გადიოდა. ტექინსპექტირებისას დახარვეზების მაჩვენებელი კი დაახლოებით, 200 ათასზე მეტია.
„ამ წლიდან, სავარაუდოდ სექტემბრიდან, დაიწყება გზებზე ავტომობილის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი. ამ მექანიზმის აღსრულება გარემოს ზედამხედველობის სამსახურს დაევალება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეფორმის მიმდინარეობას,“- აღნიშნა იორდანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვის სპეციალური აპარატებით გაკონტროლება იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტშიც არის ინიცირებული და საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მხარიც დაუჭირა.