ავტომობილების პარკირების უცნაური პრაქტიკა თბილისში და ქვეითად მოსიარულეთათვის გადაადგილების პრობლემა
ქალაქში ქაოსია... პიკის საათი არა მარტო გზებზე არამედ, ტროტუარებზეც მოქმედებს.
საავტომობილო ქაოსი დედაქალაქში წარმოუდგენელ ისტერიაში გადაიზარდა. მანქანას დღის ვერც ერთ მონაკვეთში, მარტივად ვერ გააჩერებთ.
ამ ისტერიის მაგალითად, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს. ვიღაც, როგორც ჩანს დაიღალა იმით, რომ მისი მანქანისთვის გასაჩერებელი ადგილი ქუჩაზე ვერა და ვერ მოიძებნა. არავინ იცის რამდენხანს იფიქრა ამ „ჭკვიანურ“ გადაწყვეტილებაზე და ერთ მშვენიერ დღეს, ე.წ ბორდიურზე რკინის მოაჯირი მოგლიჯა, რათა საკუთარი ნერვები გადაერჩინა და ავტომობილი ასე თუ ისე უსაფრთხოდ გაეჩერებინა. არავინ იცის ამ ამბავს მსოფლიოში ანალოგი ჰყავს თუ არა, თუმცა ფაქტი მძიმე სატირაა, რომელზეც ხან გეცინება და ხან გეტირება.
ეს შემთხვევა სოციალური ქსელით გავრცელდა. „ჩემი ქალაქის მკლავს“ სოციალურმა აქტივისტმა გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის 7 ნომერში, ავტომობილების გაჩერების მიზნით, ტროტუარის ჯებირები თვითნებურად მოხსნეს. ავტორის მიერ გავრცელებულ ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. https://www.facebook.com/100064883552283/videos/1271468523768108
ის, რომ დედაქალაქში მანქანის გაჩერების პრობლემა ყველა უბანშია, ამაზე დიდი ხანია საზოგადოება საუბრობს. განაშენიანების ფონზე, ქალაქის ძირითად ნაწილში ფეხით მოსიარულეთათვის ფაქტობრივად, აღარ დარჩა გაადგილებისათვის განკუთვნილი ადგილი, რადგან თბილისის მთელ ტერიტორიაზე ე.წ ბორდიულებს, ავტომობილის პარკირების ადგილად იყენებენ. ქუჩების ავტომობილებით გადატვირთულობა მრავალ პრობლემას უქმნის დედაქალაქსა და თბილისელებს, თუმცა მათ შორის, შესაძლოა, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მაინც ტროტუარების ავტომანქანების სადგომებად ქცევა და ქვეითად მოსიარულეთათვის გადაადგილების შეფერხება იყოს. დღეს ვითარება საკმაოდ რთულია. დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილის გაჩერების უცნაურ პრაქტიკას არა ერთხელ წააწყდებით.
რატომ დგას ქვეყანაში ასე მწვავედ პარკირების პრობლემა?
სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ წლიდან წლამდე ავტომობილების რაოდენობა თბილისში საგრძნობლად მატულობს. საქართველოში გასული წლის განმავლობაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 5%-ით გაიზარდა და 1.563 მილიონი ერთეული შეადგინა. „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ გამოქვეყნებული, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 1.333 მილიონი ერთეული მსუბუქი ავტომობილი, 111.2 ათასი სატვირთო, 64.6 ათასი სპეცდანიშნულების, 54.3 ათასი კი ავტობუსები და მიკროავტობუსები იყო რეგისტრირებული. რეგიონების მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილებით თბილისი პირველ ადგილზეა. დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა 20.5%-ით კერძოდ, 529.3 ათას ერთეულამდე გაიზარდა.
ფაქტია წლიწან წლამდე თბილისში ავტომობილების რაოდენობა იზრდება, თუმცა ეს არ უნდა გვაძლევდეს იმის საფუძველს, რომ ჩვენი ქალაქის იერსახე დავამახინჯოთ და საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე შევუქმნათ.
დედაქალაქში, ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე, საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების რეგულირების წესი ვრცელდება. გზის სავალ ნაწილზე, საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით გამოყოფილია პარკირების ადგილები, სადაც განთავსებულია შესაბამისი პარკირების ნიშნები:
ფასიანი პარკირების ადგილი;
ადგილი განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცნობი ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებათა პარკირებისათვის.
როგორც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ:
ავტოტრანსპორტი, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება, თუ ავტომობილი გაჩერებულია „დგომა აკრძალულია Road sign“ და „გაჩერება აკრძალულია Road sign“ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გადაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს;
თუ ავტომობილი გაჩერებულია ფასიანი პარკირების ზონაში 12 საათზე მეტ ხანს და არ არის გადახდილი პარკირების საფასური;
თუ ავტომობილი გაჩერებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ პარკირების ადგილზე და ავტომობილზე არ არის შესაბამისი საცნობი ნიშანი დამაგრებული;
თუ ავტომობილის პარკირება ხელს უშლის საგზაო მოძრაობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს;
დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევის შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;
რაც შეეხება დღეს მოქმედ საურავებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 2022 წელს თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები 5-ჯერ გაიზარდა.
ცვლილებები ადგენს, რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.
ცვლილებების თანახმად, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს შემდეგ ჯარიმებს:
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით (ამ დრომდე ჯარიმა 10 ლარი იყო);
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე სატრანსპორტო საშუალების დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე პარკირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
არაუფლებამოსილი პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სატრანსპორტო საშუალებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე პარკირება ან სატრანსპორტო საშუალების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის მოწყობილ პანდუსზე გადაადგილების შეფერხება − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სახეობის სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი, სატრანსპორტო საშუალების პარკირების სხვა წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 50 ლარის ოდენობით;
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა (გარდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობისა ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერებისა) ან სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილზე მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) გაჩერება ან დგომა ან მსუბუქი ავტომობილის − ტაქსის (M1 კატეგორია) მიერ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილი სპეციალური ზოლის („BUS LANE“) მონიშვნის უწყვეტი ხაზის გადაკვეთა − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული გამონაკლისებისა) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე იმ სატრანსპორტო საშუალების პარკირება, რომელზედაც ტაქსით გადაყვანის ნებართვა გაცემული არ არის და რომლის ტაქსის პარკირებისთვის განკუთვნილ ადგილზე პარკირება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, −გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2022 წლის 24 იანვრის მდგომარეობით სულ გამოყოფილია 29 195 პარკირების ადგილი, 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით კი პარკირების რაოდენობა – 32 257 ერთეულს შეადგენდა. თბილისში, მას შემდეგ რაც კომპანია „სითი პარკთან” ხელშეკრულება გაუქმდა, საპარკინგე ადგილების რაოდენობა 3 082 ერთეულით შემცირდა.
იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში მანქანების რაოდენობა იზრდება, პარკირების რაოდენობა კი მცირდება, „kalaki.ge”-ს კორესპონდენტი დაინტერესდა თუ რამდენად საკმარისია დღეს არსებული პარკირების ადგილები თბილისში და წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მოქმედმა ჯარიმებმა წინა წლებთან შედარებით სიტუაცია საგრძნობლად გააუმჯობესა. ეკა ლალიაშვილის თქმით, გავლენა იქონია, იმან რომ ტროტუარზე ან ქვეითთა ბილიკზე გაჩერების ან დგომის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება დღეს უკვე სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარა, ამასთან დადებითი გავლენა იქონია ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვის სისტემამ, თუმცა პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის და ამაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს:
„გატარებული პოლიტიკის შედეგად ვითარება ასეთუისე მოწესრიგდა ცენტრალურ ქუჩებზე, თუმცა არასწორი პარკირების პრობლემა კვლავ დგას მეორეხარისხოვან გზებზე. სატრანსპორტო პოლიტიკის გასაუმჯობესებლად შემდეგი ნაბიჯები, რაც უნდა გატარდეს, ეს არის კერძო ავტომობილების შემცირება ქალაქში. შემდეგი არის, რომ უნდა გაუმჯობესდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გახდეს მეტად სასურველი”, – აღნიშნავს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის კვლევაში საპარკინგე ადგილების ფასია დათვლილი. მონაცემების მიხედვით, პარკირების ყველაზე მაღალი ფასი საბურთალოზე დაფიქსირდა. მათივე ცნობით, თბილისში საპარკინგე ადგილების საშუალო ფასი 6 148 აშშ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება საპარკინგე ადგილების ფასს, 2022 წლის დასაწყისში ღირებულება თბილისის სხვადასხვა უბანში შემდეგნაირი იყო:
• თბილისი (საშუალო) – 6 148 აშშ დოლარი;
• საბურთალო – 7 486 აშშ დოლარი;
• კრწანისი – 6 003 აშშ დოლარი;
• ვაკე – 5 042 აშშ დოლარი;
• დიდუბე-ნაძალდევი – 4 726 აშშ დოლარი;
• ისანი-სამგორი-ვარკეთილი – 3 834 აშშ დოლარი;
• დიდი დიღომი – 3 585 აშშ დოლარი;
• გლდანი-მუხიანი – 3 527 აშშ დოლარი;
• ბაგები – 3 491 აშშ დოლარი;
• ლისი – 3 303 აშშ დოლარი.
ჩვენ დავინტერესდით ერთ-ერთი პრობლემა, რის გამოც მძღოლები ავტომობილს ხშირ შემთხვევაში ტროტუარებზე აჩერებენ, ხომ არ არის ის, რომ დედაქალაქში მათთვის პარკირება ძვირია? – გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დღეს მოქმედი ტარიფები საკმაოდ მაღალია. ასევე, მძღოლებისთვის პრობლემას ჰქმნის დედაქალაქში საპარკინგე ადგილების სიმცირე.
თუმცა, საგზაო ექსპერტების მოსაზრებით, მთავარი პრიორიტეტი დღეს არა საპარკინგე ადგილების დამატება არამედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება უნდა იყოს, რადგან ამ მიდგომამ თბილისში კერძო ავტომობილების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შეამციროს. როგორც ჩანს თბილისის მერიაც სწორედ ამ სტრატეგიას მიმართავს.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2023 წლის იანვარ-თებერვლში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით გაიზარდა:
„აღნიშნული მონაცემები მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და მიდგომები, რომლებიც სხვა ევროპულ ქალაქებში გამოიცადა, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, დაგეგმილი ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი – როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე, განცალკევებული საავტობუსო ზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, 28 მარტს დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული – 1 360 795 მგზავრობა. კახა კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის გარეშე, კერძო ავტომობილებით გადაადგილების მაჩვენებელი კიდევ უფრო მზარდი გახდება.