3-ის ნაცვლად 10 სართული – მერია ვარკეთილში ავარიული შენობის ჩანაცვლებაზე ტენდერს გამოაცხადებს
პროგრამის მიხედვით, თბილისის მერია ტენდერის საფუძველზე ანაცვლებს ავარიულ შენობას, კონტრაქტორ დეველოპერულ კომპანიას კი პროექტის ღირებულების ნაწილს თანხის სახით უხდის, ნაწილს კი ნამატი ფართებით.
კალაძის განმარტებით, ამ ეტაპზე, ვარკეთილში, კალოუბნის ქუჩა #18-ში მდებარე სამსართულიანი კორპუსის ჩანაცვლების საკითხზე, მოსახლეობასთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.
„ეს მაღალი კატეგორიის ავარიული შენობაა. აქ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი უკვე ქირით გვყავს გაყვანილი. პროექტი შეთანხმებულია, ყველანაირი კვლევა ჩატარებულია. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, დედაქალაქში არსებული ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება-რეაბილიტაციაც გაგრძელდება.
„ქალაქში ბევრია ავარიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას, თუმცა ეს არ არის საკმარისი. პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მსგავსი შენობა-ნაგებობების განახლებას, ბიზნეს სექტორს აძლევს საშუალებას, მათი ჩართულობით მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია.
ამ მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმ კომპანიებს, რომლებიც მოვლენ აღნიშნული შენობების განახლების კონკრეტული წინადადებით, სხვა უბანში, რომელიც არ არის ძველი თბილისის ნაწილი, მივცეთ კოეფიციენტის გადამეტების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.