დედაქალაქში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი ახალი მრავალბილიანი კორპუსით ჩანაცვლდება, პროექტი ამჯერად ნაძალადევის რაიონში განხორციელდება
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის 47 ნომერში, უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები. ინფორმაციას დედაქალაქის მერი ავრცელებს, რომლის განმარტეითაც, მუნიციპალიტეტის მერია შენობის სრულ დემონტაჟს განახორციელებს, მის ნაცვლად კი ახალი, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
„გვაქვს კიდევ ერთი ავარიული სახლის ჩანაცვლების პროექტი. ავარიული სახლები ქალაქში ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ წარმოვადგინეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მოხდეს იმ საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ნაგომარის ქ. N47-ში ორსართულიანი შენობა და ერთსართულიანი ე.წ. ბარაკები მდებარეობს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. აღნიშნულ ტერიტორიაზე 47 ოჯახი ცხოვრობს. მათ დროებით, ქირით გავიყვანთ და მუნიციპალიტეტი ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს. პროექტის დასრულების შემდეგ ისინი მიიღებენ გარემონტებულ საცხოვრებელ ფართებს ახალაშენებულ, 6-სართულიან კორპუსში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონცეპტუალური დიზაინ-პროექტის შედგენა, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შედეგაც უკვე გამოცხადდება ტენდერი უშუალოდ მშენებლობაზე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.