ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება-მოსკოვის გამზირსა და დიღმის მასივში ავარიული კორპუსები ახალი საცხოვრებლებით ჩანაცვლდება
"თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს"-განაცხადა დედაქალაქის მერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.
„სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, პირველი კომპლექსის N4-ში 9-სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 126 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობისგან შენობის დემონტაჟზე თანხმობა მივიღეთ. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების 20-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელსაც -2 სართულზე ექნება საპარკინგე ადგილები, დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის პირველ კვარტალში, 14 ა კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 135 ოჯახი ცხოვრობს. აქაც 20-სართულიანი კორპუსი აშენდება და -2 სართულზე პარკინგი მოეწყობა“, – დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ პროექტი დედაქალაქის მერიის ინიციატივით ხორციელდება და ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს, პროექტში ჩართვის მსურველებმა კი დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ.