დედაქალაქში ისტორიული უბნების განახლების პროგრამა ამოქმედდა
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კახა კალაძემ ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე, ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც ისტორიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ახალი გეგმა, განსაკუთრებით სასიხარულო ძველი უბნების მაცხოვრებლებისთვის აღმოჩნდა, რადგან თითქმის ყველა ძველი, ისტორიული შენობა დღეს ავარიულია.
ახალ პროგრამას ორი მიმართულება აქვს, პროექტირებას და ხარჯთაღრიცხვას კი „თბილისის განვითარების ფონდი“ უზრუნველყოფს: „პირველი მიმართულების მიხედვით, მაგალითად, მთაწმინდის რაიონში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ავარიული ძეგლი, სადაც ცხოვრობს 10 ოჯახი. თუ არსებობს ინვესტორი, რომელიც იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევს და შეძლებს აღნიშნული შენობის რეაბილიტაციას, პარალელურად კი, ფლობს მიწას ან სხვა სამშენებლო მოედანს, მივცემთ საშუალებას, მან არა ისტორიულ უბანში არსებულ მიწის ნაკვეთზე, პროექტის განხორციელება განსხვავებული პარამეტრებით შეძლოს. ისტორიულ უბანში მდებარე სახლი, რომლის სახის ცვლილება და სართულების დამატება ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, „თბილისის განვითარების ფონდის“ ჩართულობით რეაბილიტირდება. ეს ინვესტორს დამატებით მისცემს შესაძლებლობას, ჩვენ მიერ დამტკიცებული პარამეტრებით, პროექტი სხვაგან განახორციელოს ისე, რომ ის სამუშაოები, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის დროს შეასრულებს, დაიბალანსოს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ახალი პროგრამის მეორე მიმართულებას, ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მათი საკუთრების, ქონების გასხვისების/გაყიდვის პროცესი აუქციონის საშუალებით, თბილისის მერიამ უზრუნველყოს. აუქციონის ჩატარება და მასთან დაკავშირებული შემდგომი ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება თბილისის მერიის მიერ სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.
ახლა, შემდეგი ეტაპი პროექტში ბიზნესის ჩართულობაა, რომელსაც მოსახლეობასთან შეთანხმებითა და მერიის ზედამხვედველობით მოუწევს პროექტის განხორციელება.