თბილისში კიდევ ერთი ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება – დედაქალაქის მერი თბილისლებს ახალი მშენებლობის შესახებ ინფორმაციას აცნობს
ვარკეთილში, მე-3 მასივის მე-3 კვარტლის „გ“ კორპუსში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი განხორციელდება, სადაც არსებული ოთხსართულიანი კორპუსის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 12-სართულიან კორპუსს ააშენებს - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ავარიულ კოპრუსში ცხოვრობს 36 ოჯახი, რომელსაც დედაქალაქის მერია დროებით ქირით გაიყვანს.
„არსებული ოთხსართულიანი კორპუსის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, 12-სართულიან კორპუსს ააშენებს. უკვე შერჩეულია კომპანია, რომელიც სამუშაოებს განახორციელებს. შედეგად, 36 ოჯახს გარემონტებული, სრულად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მიმართა ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებს, იაქტიურონ და მუნიციპალიტეტის მერიას დროულად მიმართონ. „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ისეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. მინდა,
მივმართო მათ, ვინც ასეთ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრობთ, იაქტიურეთ. თუ იქნება ერთობა, მხარს დაგიჭერთ და მსგავს პროექტებს განვახორციელებთ“, –
აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს ავარიული კორპუსების ახლით ჩანაცვლების პროექტი.