თბილისში კიდევ ერთი ავარიული სახლი, ახალი მრავალსართულიანი კორპუსით ჩანაცვლდა – კალოუბნის ქუჩაზე 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასრულდა
თბილისში, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება და ამჯერად, სამგორში, კალოუბნის ქუჩაზე ძველი 4 სართულიანი ავარიული შენობა ახალი კორპუსით ჩანაცვლდა.
აღნიშნულ მისამართზე ავარიული საცხოვრებლის ნაცვლად 10 სართულიანი კორპუსის და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა.
„აქ 36 ოჯახი ცხოვრობდა. შედგა მათთან მოლაპარაკება. დროებით გავიყვანეთ ქირით და ხარჯებს მთლიანად მუნიციპალიტეტმა ფარავს. რაც შეეხება პროექტს, კორპუსის მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად, მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში შიდა სარემონტო სამუშაოებს დავიწყებთ. ოქტომბერში კი, ეს 36 ოჯახი შეძლებს, მოწესრიგებულ და გარემონტებულ სახლებში იცხოვროს. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ქალაქში ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ასეთი შენობა ჩანაცვლდეს ახალი ნაგებობით. მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს ხელი შევუწყოთ და რაც შეიძლება მეტი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსსენებთ, რომ, ახალი საცხოვრებელი კორპუსი 90-ბინიანია. მათგან 36 ერთეული გარემონტებული გადაეცემათ მესაკუთრეებს, ხოლო 54 ერთეული ბინა, თეთრი კარკასის კონდიციაში და 7 ერთეული ავტოსადგომი გათვალისწინებულია მიმწოდებლისთვის სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნატურით ანგარიშსწორების მიზნით.