გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლები, თბილისის მერიის წინააღმდეგ-აშენდება თუ არა სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსები?
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნულ მშენებლობას ისინი ერთი წელია ფიზიკურად აჩერებენ.
მუხიანის მოსახლეობის ნაწილმა თბილისის მერიის წინ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გობრონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილზე კორპუსების შესაძლო მშენებლობას აპროტესტებდა.
აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნულ მშენებლობას ისინი ერთი წელია ფიზიკურად აჩერებენ.
შეკრებილების განცხადებითვე, თბილისის მერიის არცერთი წარმომადგენელი მოსახლეობასთან შესახვედრად ადგილზე არ მისულა. მათი თქმით, საკრებულოს წევრი, კონსტანტინე ზარნაძე მოსახლეობას შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა, თუმცა, „წავიდა და გაქრა მერე“.
აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდეს, დაინტერესდეს მათი პრობლემით. პროტესტის მონაწილეების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტის სხვა ფორმებსაც მიმართავენ.
თბილისის მერია მუხიანის მოსახლეობის ნაწილის პროტესტს ეხმიანება და აცხადებს, რომ გობრონიძის ქუჩაზე მდებარე სტადიონის ადგილზე კორპუსების მშენებლობა ნამდვილად იგეგმება.
როგორც kalaki.ge-მ გაარკვია აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა 2008 წელს დამტკიცდა, თუმცა, პროექტი რამდენჯერმე დაკორექტირდა.
„გეგმის კორექტირება რამდენჯერმე განხორციელდა. ბოლო კორექტირებით, რომელიც 2019 წლით თარიღდება, პროექტის გაკეთილშობილება მოხდა, კერძოდ, შემცირდა განაშენიანების ინტენსივობის ფართობი 5 268 კვ.მ.-ით. ასევე, ნაცვლად შვიდი 16-სართულიანი შენობისა, დაიგეგმა 6 შენობის განთავსება, სადაც 2 იქნება 14-სართულიანი და 4 კი, 12-სართულიანი.
კორექტირების შესაბამისად, საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და სარეკრეაციო სივრცეების დაბალანსების მიზნით, ფუნქციურ ზონირებად დაემატა სარეკრეაციო ზონა 2 , რომელიც წარმოადგენს 2380 კვ.მ.-ს და გათვალისწინებულია სტადიონის და გამწვანებული სარეკრეაციო სივრცის მოწყობა“, – განმარტავენ თბილისის მერიაში.
ცნობისთვის, დღეს, მუხიანის მოსახლეობის ნაწილმა თბილისის მერიის წინ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გობრონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონის ადგილზე კორპუსების შესაძლო მშენებლობას აპროტესტებდა.