მოგზაურობა წარსულსა და აწმყოს შორის – ძველი თბილისის არქიტექტურული შედევრები გომის ქუჩიდან
თბილისში მრავალი ადგილია, სადაც იმ ძველი არქიტექტურის ნაირსახეობას შეიგრძნობ, რასაც მე-19-ე საუკუნის ქალაქი გთავაზობდა.
თბილისში მრავალი ადგილია, სადაც იმ ძველი არქიტექტურის ნაირსახეობას შეიგრძნობ, რასაც მე-19-ე საუკუნის ქალაქი გთავაზობდა. უსწორმასწორო, ვიწრო ქუჩებზე მოხვედრისთანავე, კიდევ უფრო მეტად შეიგრძნობ ძველი თბილისის სილამაზესა და არქიტექტურულ მრავალფეროვნებას.
ეს მხოლოდ დანგრეული და შელახული სახლები არ გეგონოთ, თითოეული მათგანი უდიდესი ისტორიული შედევრია. ამ ნაგებობებს შეუძლიათ წარსულში გამოგზაურონ. მათი დათვალიერებისას ცოტა ხნით მაინც შეიგრძნობ თავს იმავე საუკუნეში, რომლებშიც ისინი აშენდნენ. მათი შელახული კედლები ამაყად და მედიდურად გადმოყურებენ თითოეულ მნახველს და დინჯად უყვებიან ისტორიას. ამ ემოციურობას თბილისური სტუმართმოყვარეობაც ახლავს თან, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის შენს მოგზაურობას საუკუნეებში.
XIX საუკუნის 40-იანი წლებისთვის ყალიბდება ორ და სამსართულიანი ე. წ. თბილისური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურა. მასში ორგანულად არის შერწყმული კლასიცისტური ფორმები, ელემენტები და ადგილობრივი ტრადიციები. კლიმატური პირობებს ითვალისწინებს სახლების თითქმის მთელი ფასადის გასწვრივ მიშენებული ღრმა, მოხარატებული ხის აივნები, რომლის ფართობი ხშირად ჭარბობს ოთახების ფართობს – ამის საუკეთესო ნიმუშები ძველი ქალაქის შთამბეჭდავ, გომის ქუჩაზე გვხვდება.
გომის ქუჩის ვიწრო ზოლი, თბილისის ძველ უბანში აღმართს, გრძივ მრუდად მიუყვება. აღნიშნულმა ქუჩამ XIX-XX საუკუნის თბილისის საცხოვრებელი სახლის არაერთი მაღალმხტვრული თუ უნიკალური ნიმუში შემოგვინახა. მათ შორის, XIX საუკუნის დასაწყისსა და მის შუახანებში შექმნილი, ხის აივნიანი სახლები, რომელთა უმრავლესობა განადგურებულია, მხოლოდ შემორჩენილი ნაშთებით თუ მიხვდებით, რომ აქ ოდესღაც სულ სხვა შენობა იდგა, უამრავი მათგანი კი დღეს, შეცვლილი იერსახით გვხვდება.
გომის ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი სახლი, რთული კონფიგურაციისა და რელიეფის მქონე მიწის ნაკვეთზე აგებულ მკაფიოდ ინდივიდუალურ, განვითარებული გეგმარების მქონე ნაგებობას წარმოადგენს. სახლს აქვს ორიგინალური კიბის უჯრედი, რომელიც ქვედა სართულში კარიბჭის ფუნქციასაც ითავსებს, ხოლო ზევით შესანიშნავი მუშარაბით სრულდება. ნაგებობის ძირითად ბირთვს შეადგენს, ორი მასშტაბური ოთახი მომცრო ზომის ტრაპეციულ სათავსთან ერთად. ორივე სართულის უკანა ოთახები ნახევრად სარდაფულია, ხოლო II სართულის უკანა ნაწილს ასრულებს სამეურნეო სათავსი (მოსახლეობის ცნობით საჯინიბო). კარისა და ფანჯრის ღიობები ძირითადად სწორკუთხაა. სახლი ნაშენია კვადრატული აგურით. აივნის კონსტრუქიები და დეკორი ხისაა, ამასთან, ძირითადი საფასადო დეკორი აივანზეა თავმოყრილი. ავთენტური გარე კიბე, სახლის ძირითად ბლოკზე მიდგმული კარიბჭე, გადასასვლელის განუყოფელი ნაწილია. იგი კლდოვან ქარაფზე დაშენებულ აგურის ყრუ კედლებიან კოშკურ მოცულობას ასრულებს. კიბის მოაჯირი ერთ ნაწილში რიკულებიანია, ნაწილში კი აჟურული და შეფიცრული.
გომის ქუჩაზე მდებარე მორიგი სახლი, მიწის სიმცირის გამო ტერიტორიას მთლიანად ითვისებს. ქუჩისპირა ნაწილში სახლის გეგმა ტრაპეციულია, კუთხესთან – ტეხილი მოხაზულობის; III სართულზე სამმხრივი აივანია, რომელიც ქუჩებზეა გადაკიდული, იგი შენობის მსგავსად ტეხილს აკეთებს კუთხესთან, ხოლო ეზოსკენ მომრგვალებულია. დაკიდული აივნებისა და მუშარაბების სისტემა, დიდბაქნიან კიბის უჯრედსა და ფართო გადასასვლელთან ერთად, შენობის ვერტიკალური გეგმარების საინტერესო გადაწყვეტას იძლევა – ფართის სიმცირე სივრცეში კომპენსირდება და თითქმის ორმაგდება. შენობას დამატებითი დამხმარე სათავსები აქვს სარდაფის და კეთილმოწყობილი სხვენის სახით. იგივე ფუნქცია აქვს ეზოს გალავნის კედელში მოწყობილ ღრმა ნიშებს. რელიეფის მკვეთრი ვარდნის გამო ასკანის ქუჩისა და ეზოს მხრიდან I საცხოვრებელი სართული – გომის ქუჩიდან მიწის ქვეშ ექცევა, ხოლო ამ მხრიდან I სართული – ასკანის ქუჩისა და ეზოს მხრიდან მაღალ II სართულს წარმოადგენს. აღსანიშნავია ასევე, სახლის სხვენი – აქ მოხვედრა მესამე სართულის აივნიდან, კედლის სისქეში მოწყობილი კიბით არის შესაძლებელი. სხვენი ოთხივე მხრიდან ნათდება ფანჯრით და სამერცხლულით. აქვე გამართულია აგურის ბუხარი. გადახურვა მძლავრ კოჭებზეა მოწყობილი და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ სამეურნეო სათავსს აქტიური გამოყენება ჰქონდა. თავად სახლი კვადრატული აგურით არის ნაშენი და გარდა უკანა კედლისა – შელესილია. აივნებზე არქიტრავული კონსტრუქციაა გამოყენებული, საყრდენებად – ხის მძლავრი კრონშტეინები. ყველაზე უფრო მდიდრულად მესამე სართულის კარ-სარკმლის ღიობებია გაფორმებული, მას ნალესობით შესრულებული ერთიანი ჰორიზონტალური სარტყლით გაერთიანებული რთულპროფილიანი თაღოვანი თავსართები ასრულებს. სახლს გომის ქუჩის მხრიდან აქვს შესასვლელი მცირე ზომის ტრაპეციული ფორმის შიდა ეზოში, რომელსაც ქუჩის მხრიდან მაღალი და საკმაოდ სქელკედლიანი, ნიშებით აღჭურვილი აგურის გალავანი მიჯნავს.
ე.წ. ქართული აგურით ნაგები ორსართულიანი შენობა – საცხოვრებელი სახლი გომის ქუჩაზე, რომელსაც იერსახე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. სახლი მთავარი ფასადით ქუჩისკენაა მიმართული. ფასადი ამჟამად ძალიან შელახულია. მას ფანჯრების სწორკუთხა ღიობები ანაწევრებს. ფასადის ძირითადი ნაწილი დღეს შეულესავი აგურისაა, მაგრამ ზედა ნაწილში ალაგ-ალაგ შერჩენილია ძველი ნალესობის კვალი, რომელშიც არის გამოყვანილი შემამკობელი არქიტექტურული დეტალები. სახლის მეორე სართულზე გადმოკიდებულია ერთი ლითონის აჟურული აივანი. იგი ლითონის წვრილ ძელებს ებჯინება. სახლს აქვს კამარით გადახურული სარდაფები, რომლებიც პილასტრებითა და თაღოვანი ფორმის თახჩებით არის დანაწევრებული. კამარებს ახლა ზოგან ბეტონის, ზოგან კი ხის ძელები ამაგრებს. შენობის პატარა ეზოში სადარბაზოს მეშვეობით ვხვდებით. ამ მხრიდან სახლს დაკარგული აქვს პირვანდელი სახე. თავდაპირველად იგი ხის აივნებით იხსნებოდა. ამჟამად ნაწილობრივ ამოშენებული და შელესილია, ხოლო ნაწილობრივ შუშაბანდებითაა გადაკეთებული. მარჯვენა ნაწილში მეორე სართულზე ბოლოდროინდელი მცირე მინაშენია მიდგმული. იგი ლითონის ბოძებს ებჯინება. შენობა არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულია და მონაწილეობს უბნის მხატვრულ-ისტორიული სახლის ჩამოყალიბებაში.
აღსანიშნავია ასევე გომის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც გეგმარებით, მარტივი ანფილადის ტიპს ეკუთვნის. პირველი სართულის ოთახებს დასავლეთიდან ასრულებს სამეურნეო დანიშნულების ნახევარსარდაფის ტიპის სათავსი, რომლის ინტერიერშიც კლდე იჭრება. სახლს აქვს სწორკუთხა ღიობები. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ორი ძველი სარკმელი თაღოვანი თავსართით, რომელიც ჰორიზონტალური პროფილირებული სარტყელით არის გაერთიანებული. სახლის ძველი ნაწილი კვადრატული აგურით არის აშენებული. აივნის დეტალები ხისაა. შენობის ფასადების გაფორმება ტრადიციულია და სადა. პირველ სართულზე შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხესთან შემორჩენილია სამი მრგვალი სვეტი. ეს დეტალი გამოირჩევა თავისებური დამუშავებით. აივნის კუთხეჩამოთლილ სვეტებს შორის, ხის რიკულებიანი მოაჯირია. საყურადღებოა ძველი შენობის ჩრდილო ფასადის კიდურა ნაწილში არსებული ფანჯრების პროფილირებული კლასიცისტური თაღოვანი თავსართები და ჰორიზონტალური სარტყელი. მეორე სართულზე მოხვედრა შეიძლება სადა ხის მიდგმული კიბით. ინტერიერში შემორჩენილია კედლის ნიშები. სახლს აღმოსავლეთიდან აქვს ღია ეზო.
და ბოლოს, გომის ქუჩაზე ერთ-ერთ შთამბეჭდავ არქიტექტურულ შედევრს გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით. მატერიალური კულტურის ძეგლთაგან შემორჩენილია ადრინდელი შუა საუკუნეების ცეცხლთაყვანისმცემელთა სალოცავი, ე.წ. ათეშგა ანუ ცეცხლის ტაძარი. ნაგებობაში მოხვედრა გომის I ჩიხიდან, საცხოვრებელი სახლის ეზოდან არის შესაძლებელი. ათეშგა აგურით არის ნაგები. იგი იყო კუბის ფორმის ნაგებობა ტრომპებზე დაფუძნებული ნახევარსფერული, ამჟამად ჩამოშლილი გუმბათით. ნაგებობის კუთხეები პილასტრებით იყო ფლანკირებული, ფასადები კი, აღმოსავლეთ ფასადის გარდა, ორთაღედით იყო მორთული. იგი გაფორმებული იყო ფლანგებზე ნახევარწრიული ნიშებიანი კედლის მაღალი 3-თაღედით და შუაში დატანილი თარაზული შესასვლელით, რომელსაც თავზე ჰქონდა თაღოვანი ლუნეტი. ინტერიერის ოთხივე კედელში დატანილი იყო მუზარადის ფორმის თაღით შეკრული თითო მართკუთხა ნიშა.
ბოლო პერიოდში „ათეშგას“სარემენტო-გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, აღადგინეს მასთან მისასვლელი კლდეში გაჭრილი აგურის საფეხურებიანი კიბე. დღემდე შემორჩენილი ნაგებობა, სავარაუდოდ, XVII საუკუნეში გადაეხურა ცეცხლის ტაძარს. იგი აგურის კუბურ მოცულობას წარმოადგენს. ფასადები თაღოვანი და შეისრულთაღოვანი ნიშებით იყო დანაწევრებული. ინტერიერის ოთხივე კედელზე შეისრულთაღოვანი ნიშებია წარმოდგენილი. შენობა გუმბათით იყო გადახურული. გუმბათზე გადასვლა ტრომპების მეშვეობით ხორციელდებოდა, რომელთაგან დღემდე ორია მოღწეული.
2007–2009 წწ. ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ათეშგას გაწმენდა-აღდგენა: რეკოსნტრუქცია ჩაუტარდა მისასვლელ კიბეს, შიგნიდან გაიწმინდა, გაითხარა და მცირე რესტავრაცია ჩაუტარდა შესასვლელ ნაწილს. მთელი შენობა, ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვის მიზნით გადაიხურა დროებითი სახურავით.
1986 წლის 14 ნოემბერს, სსსრ მინისტრთა საბჭოს N° 706 დადგენილებით, „ათეშგას“ განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი. 2007 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში მდებარე ძეგლებისთვის, საბჭოთა პერიოდში მინიჭებული სტატუსები გადამტკიცდა, რის შედეგადაც „ათეშგა”-ს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 21 თებერვალს „ათეშგას“ ხელახლა განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი.