ქართული დეველოპერული კომპანია აშშ-ს ბაზარზე თავს იმკვიდრებს – „არქი“ უკვე მაიამიშია
მიუხედავად ქვეყანაში არსებული სამშენებლო ბუმისა, რამდენად არის დღეს სექტორი მზად საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად
მიუხედავად ქვეყანაში არსებული სამშენებლო ბუმისა, რამდენად არის დღეს სექტორი მზად საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად და კომპანიების დიდ ნაწილს აქვთ თუ არა იმის ფუფუნება, რომ ქვეყნის შიგნით მშენებლობის ბუმის დასრულების შემდეგ, სხვა ბაზრებზე შესვლაზე იფიქრონ? არის თუ არა მზად ხვალინდელი დღისთვის სამშენებლო სექტორი?! - ძალიან საინტერესო საკითხია.
ადრე თუ გვიან, საქართველოს პატარა ბაზრის განვითარება ამ მხრივ დასრულდება და კონკურენცია ისე გაიზრდება, რომ მოგება არავის დარჩება. ასეთ შემთხვევაში, რა უნდა აკეთონ სამშენებლო კომპანიებმა? სწორედ ამიტომ, სამშენებლო სექტორმა უნდა იმუშაოს იმაზე, როგორ შევიდეს ევროპისა და შუა აზიის ბაზრებზე, როგორ მოახდინოს თავისი სერვისების ექსპორტი საზღვარგარეთ, საერთაშორისო კომპანიებს, ხომ მკაცრი მოთხოვნები აქვთ, რადგან დიდი პროექტები უცხოეთში საერთაშორისო კომპანიების მიერ ფინანსდება. სამშენებლო კომპანია უნდა იყოს დიდი საერთაშორისო გამოცდილებით. ასეთი კომპანიები კი დღეისათვის საქართველოში ძალიან მცირეა. ამისთვის საჭიროა კომპანიებმა ეს გამოცდილება დააგროვონ და საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ. ეს უნდა იყოს მათი სტრატეგიის ნაწილი!
სულ ცოტა ხნის წინ დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მაიამისთან, პომპანოს სანაპიროზე მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დააანონსა. „არქი მაიამი“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც 100-მდე ბინას, აუზს, სამუშაო, დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ ცენტრებს გააერთიანებს. პროექტის ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს შეადგენს და მას „არქი“ ამერიკულ დეველოპერულ კომპანია „ელიტ გრუპთან“ პარტნიორობით განახორციელებს.
როგორც აღმოჩნდა „არქი“ მზად არის, გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და თავი უცხოურ ბაზარზეც დაიმკვიდროს. საქართველოში საქმიანობის გაგრძელებასთან ერთად, „არქი“ უცხოური ბაზრის ათვისებითაც დაკავდება.
ფლორიდის შტატი, სადაც „არქის“ ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვის, დასაქმების დიდი შესაძლებლობებითა და ბიზნესისთვის მოქნილი კანონმდებლობითაც გამოირჩევა. სწორედ ამ შტატში, ბოლო 24 თვის განმავლობაში ბინების გაქირავების ფასი 14%-ით გაიზარდა. მიგრაციის მზარდი მაჩვენებელი საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა მომავალი 15-20 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება.
„არქი მაიამი“ გამორჩეული იქნება არქიტექტურითაც, პროექტის ხარისხი კი სრულად დააკმაყოფილებს ამერიკაში არსებულ სტანდარტებს. კომპლექსის ვიზუალურ მხარეზე წამყვანმა ამერიკულმა არქიტექტურულმა კომპანია Deforma Studio-მ იმუშავა. „არქი მაიამის“ პროექტი უკვე დასკვნით ეტაპზეა. კომპლექსის მშენებლობა წელს დაიწყება და 2026 წლისთვის დასრულდება. „არქი მაიამი“ კომპანიის პირველი გლობალური პროექტია, მაგრამ არა უკანასკნელი. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, აითვისოს ფლორიდის შტატი და ზოგადად, ამერიკული ბაზარი.
„არქის“ 4 წლის წინ შემოვუერთდი. ამ პერიოდიდან უკვე ვმსჯელობდით, რომ ის გლობალური კომპანია გამხდარიყო და დიდ ქვეყნებში დაეწყო მშენებლობა. განსაკუთრებით მსურდა, ეს ქვეყანა აშშ ყოფილიყო, რადგან 20 წელია აქ ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. აი, ეს დღეც დადგა და პირველ პროექტსაც ჩაეყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდის გამოცდილების დამსახურებით, წარმატებით განვახორციელებთ არა მხოლოდ „არქი მაიამის“, არამედ ჩვენს სამომავლო პროექტებსაც“, – აცხადებს „არქის“ პარტნიორი ზაზა ფაჩულია.
შეგახსენებთ, რომ „არქის” ისტორია 2006 წლიდან დაიწყო. დღეს „არქი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა და უკვე 32 000-მდე არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. დასრულებული აქვს 45 საცხოვრებელი სახლი, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი 835 000 კვ.მ.-ზე მეტია. ამ ეტაპზე 22 პროექტი შენდება, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ 10-მდე ახალი საცხოვრებელი სახლის და რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება თბილისში, შავი ზღვისა და მთის კურორტებზე.
წარმოგიდგენთ თბილისსა და ბათუმში „არქის“ რამდენიმე მიმდინარე მშენებლობის ფოტოკოლაჟს:
„არქის“ წარმატებული პროექტია თბილისში გერმანულ კომპანია „Xella“-სთან ერთად აშენებული Ytong-ის ქარხანა, რომელშიც ეკოლოგიურად სუფთა, ენერქოეფექტური, ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკი იწარმოება. ქარხანა შესაძლებლობას იძლევა, რომ იმპორტი სრულად ჩანაცვლდეს და ბლოკი ექსპორტზეც გავიდეს. პროექტის ინვესტიცია 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.