ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური კომპლექსის “დამსხვრეული ოცნება”
თეთრ ქალაქში, რომლის სიმკვეთრეს შავი ზღვა კიდევ უფრო აჩენს, ის მასში ჩასმული თეთრი ტროპიკული ყვავილი უნდა ყოფილიყო...
თეთრ ქალაქში, რომლის სიმკვეთრეს შავი ზღვა კიდევ უფრო აჩენს, ის მასში ჩასმული თეთრი ტროპიკული ყვავილი უნდა ყოფილიყო, რომლის მასშტაბურობასა და თანამედროვეობას ამიერკავკასიაში ყველა საცხოვრებელი კომპლექსი დაეჩრდილა. ის უნდა გადაქცეულიყო ძვირად ღირებულ საცხოვრებლად, რომლის შეძენა არც თუ ისე ადვილი იქნებოდა, მაგრამ ღირებული. თუმცა ეს ჩანაფიქრი ახლა ზღაპარს, რომ ჰგავს „ბათუმის მაგნოლიას“ ეკუთვნის, რომელიც ბევრისთვის მხოლოდ ვერ ახდენილ ოცნებად იქცა.
შავიზღვისპირა ქალაქში, ზღვის პირველ ზოლში, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტერიტორიად ითვლება, „თეთრი მაგნოლია“ ერთის მხრივ ზღვას გაჰყურებს ხოლო შენობის მეორე ნაწილი ქალაქის ძველ უბნებს. საცხოვრებელ კომპლექსს სახელწოდება „თეთრი მაგნოლია“ მხოლოდ სახელწოდებად შერჩა, რადგან შენობამ დიდი ხანია ფერი იცვალა და მოჟამული ნაცრისფერი გახდა. სულ რაღაც 12 წლის წინ აგებული საცხოვრებელი კომპლექსი დიდი ხნის წინ მიტოვებულ კურორტს ჰგავს. ავარიული კედლებით, ჩამოვარნილი ბათქაშებით, დამტვრეული ფანჯრებით. რიგი ფანჯრები თავად მფლობელებისგან ამოქოლილი რკინის ჟალუზებით საპატიმროს მოგაგონებთ, რიგი კი თვითნებურად ამოშენებულია ეტყობა, რომ თავად მფლობელებსაც არ უფიქრიათ შენობის იერსახეზე.
კვადრატის ფორმის შენობის ეზოში დიდი, ჟანგიანი ჭიშკარით შევდივართ, თავად ეზოც მიტოვებულის ეფექტს ტოვებს, თითქოს დაჭაობებულა, ქვაფენილზე ალაგ-ალაგ ბალახია ამოსული. შენობას კედლებზე წყლის ჩამოსვლის კვალი ეტყობა, როგორც ჩანს ადგილზე არც სანიაღვრე სისტემაა გამართული. საცხოვრებელი კომპლექსის ფასადზე უამრავ გამოფენილ აბრას ნახავთ განცხადებით -„ქირავდება“, „იყიდება ფართი“, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბიზნესის კუთხით კომერციულ ფართებზე მოთხოვნა ნაკლებია, ვინაიდან ეს ტერიტორია ბიზნესისთვის გამოუსადეგარია, რადგან ადგილზე სრული ანტისანიტარიაა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო – არცთუ ისე ძველი კომპლექსი სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდ საცხოვრებელ კორპუსად მიიჩნეოდა. პროექტი ყველაზე დიდ მდიდრულ შენობად უნდა ქცეულიყო, თუმცა ყველაზე დიდი სკანდალის ეპიზოდად იქცა. ნაცვლად ძვირადღირებული აპარტამენტებისა, საცურაო აუზისა და სახურავზე განთავსებული ბარით, დღეს ყველაზე გაუმართლებელ პროექტად გვევლინება. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე რჩეულიშვილების სახელს უკავშირდება. 2005-2007 წლებში კომპანია „ცენტრ პოინტი“ იყო ლიდერი და ფლობდა საქართველოს სამშენებლო ბაზრის დიდ ნაწილს. კომპანიამ ქვეყანაში უმსხვილესი პროექტები განახორციელა. 2008-2010 წლებში კი მას ფინანსური სირთულეები დაეწყო. 2016 წელს თანხების გაფლანგვის მიზეზით დეველოპერები გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ და ასე გავიდა წლებიც. „მაგნოლია“ ნაგავსაყრელად იქცა. უკმაყოფილო ბინის მესაკუთრეები აქციას აქციაზე მართავდნენ, რათა სახელმწიფოს მათთვის ყურადღება მიექცია, მაგრამ ამაოდ.
არქიტექტორების ცნობით, 2019 წელს ბათუმში კომპანია „ალიანს სიტმა” „თეთრი მაგნოლიას” დანგრევისა და ახალი კომპლექსის მშენებლობის იდეა გააჟღერა, რასაც მოსახლეობის მხრიდან არცთუ სახარბიელო რეაგირება მოჰყვა. იდეის გაჟღერების მიზეზად კომპანიამ, „თეთრი მაგნოლიის“ იერსახის გამო, ბათუმის მოსახლეობის მუდმივი წუხილი დაასახელა. თუმცა, როგორც ჩანს „ალიანს სიტმაც“ აღნიშნულ პროექტში სარგებელი ვერ დაინახა, რადგან 900 აპარტამენტიანი შენობის დემონტაჟის დროს ახალის აშენების შემთხვევაში ყველა მესაკუთრე შესაბამისი ფართებით უნდა დაეკმაყოფილებინა. შედეგად ეს იდეაც მხოლოდ იდეად დარჩა.
ამ პირობებს შეგუებული მოსახლეობა იმ მიზეზით, რომ არ დაეკარგათ შემოსავალი იძულებული გახდა თავად გაერემონტებინა ბინები. საუკეთესო ადგილმდებარეობისა და დაბალი ფასების გამო აპარტამენტები მაინც ქირავდება. მათი დღიური ღირებულება 70-დან 150 ლარამდე მერყეობს. ეს მაშინ, როდესაც ზღვისპირა ზოლში ფეშენებელურ შენობებში აპარტამენტების ფასი ორმაგი და ზოგ შემთხვევაში სამმაგია. შესაბამისად ბათუმში ჩამოსული ტურისტები მაინც არ ამბობენ უარს „ბათუმის მაგნოლიაში“ ოთახის დაჯავშნაზე.
რაც შეეხება მესაკუთრეების პოზიციას. ჩვენი რესპოდენტი გიგა გორგილაძე ბინას „თეთრ მაგნოლიაში“ 2019 წლიდან ფლობს. მან ერთი კვადრატული მეტრი ფართი საცხოვრებელ კომპლექსში 400 დოლარად შეიძინა, ხოლო ახლა მისი ღირებულება გაორმაგებულია, რაც ქვეყანაში უძრავი ქონების მიმართულებით, ზოგადმა ფონმა განაპირობა. ჩვენი კითხვის საპასუხოდ თუ რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე საცხოვრებელ კომპლექსში და რას უჩივიან მობინაადრები გიგა გვპასუხობს, რომ პრობლემა მრავალმხრივია, თუმცა ყველაზე მეტად შენობის უარყოფით მხარედ, ფასადი დაასახელა. რაც შეეხება მთავარ კითხვას – საცხოვრებელი კომპლექსის რეკონსტრუქცია თუ დემონტაჟი, მისი პოზიცია ასეთია – „იმ შემთხვევაში თუკი დემონტაჟი მოხდება მესაკუთრეები იგივე ტერიტორიაზე ფართს მოვითხოვთ ან სხვა შემთხვევაში ღირებულებაზე მეტ თანხას“, – ამბობს გიგა გორგილაძე.
საკითხავია ისიც თუ რამდენად საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცე, მდგრადობა, სახანძრო უსაფრთხოება და ევაკუაციის ნორმები, რაც დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და კომპეტენტურ ორგანოებს ავალდებულებს მიიღონ შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.
12 წლის განმავლობაში „თეთრი მაგნოლია“ და 900-მდე მესაკუთრე მოლოდინის რეჟიმში რჩება, დემონტაჟი თუ რეკონსტრუქცია…