ფოტოფაქტი: სასტუმრო “ამბასადორი” დილით ხანძრის შემდეგ
31 მარტს, დღის მეორე ნახევარში, თბილისის ცენტრში ძლიერი ხანძარი გაჩნდა: სასტუმრო "ამბასადორის" აივანს ცეცხლი მოედო. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სახანძრო ბრიგადამ სწრაფად იმოქმედა. გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლი, სასტუმროს ნომერში ერთ-ერთმა სტუმარმა გააჩინა, რის შემდეგადაც ცეცხლი მესამე და მეოთხე სართულებს მოედო. ფაქტზე დაკავებულია 28 წლის პირი, რომელსაც ბრალად "საკუთრების განზრახ განადგურება" ედება. მას თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე ემუქრება.
დღეს, 1 აპრილის დილას, სასტუმროს გარეთ სახანძრო მანქანა კვლავ მობილიზებულია. წლის მილებიდან, შენობის დამწვარი ნაწილის მიმართულებით ისევ ასხავენ წყლის ჭავლს. შემთხვევის ადგილზე იმყოფება, საგამოძიებო სამსახურის მანქანაც, ამ დროისთვის ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.
დამწვარი აივანი “ამბასადორის” ორი კორპუსიდან ერთ-ერთის მეოთხე სართულზე მდებარეობს. ამასთან, შენობაში, რომელსაც ხანძარი არ შეხებია, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს: სტუმრები რესტორანის აივანზე საუზმობენ.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევიდან 30 წუთში დაიწვა სასტუმროს მესა მე და მეოთხე სართულები. ხანძრის ლოკალიზებისთვის კი ადგილზე 16 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
სასტუმრო “ამბასადორი” 2004 წელს აშენდა. თავდაპირველად მასში შედიოდა რესტორანი და მხოლოდ შვიდი ნომერი სტუმრებისთვის. 2013 წელს კი მფლობელებმა ახალი შენობა დაამატეს, რომელიც იტალიელი არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერაა შექმნილი.