ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა გრძელდება
საქართველოს ისტორიული ძეგლები, ქვეყნის უძველესი და მდიდარი ისტორიის შესახებ მეტყველებს.
საქართველოს ისტორიული ძეგლები, ქვეყნის უძველესი და მდიდარი ისტორიის შესახებ მეტყველებს. სწორედ ისინი ავსებენ უძველესი პერიოდის ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებას და ადასტურებენ ჩვენი წინაპრების განსაკუთრებულ მიდგომას ხელოვნებისადმი.
საქართველოს ტერიტორიაზე ათასობით ხუროთმოძღვრული თუ ისტორიული ხასიათის ძეგლია მიმოფანტული. მათი დიდი უმრავლესობა განუმეორებელია და მსოფლიო საგანძურშიც კი შედის, ამიტომაც ითვლება საქართველო ძეგლების კლასიკურ ქვეყნად – აქ ხომ ძეგლი, ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია. თითოეული მათგანი იმდენად დაუვიწყარია, თითოეულ მათგანში იმდენი სიდიადეა ჩაქსოვილი, რომ გიძნელდება თქვა, რომელია მათგან უკეთესი.
უამრავი მიზეზი არსებობს რატომაც კავკასიის ამ პატარა ქვეყანის ნახვა ღირს, თუმცა დღეს ოსტატთა მიერ შექმნილ უბადლო ძეგლთა ნიმუშის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მრავალჯერ აწიოკებული, დანგრეული, განადგურებული, მაგრამ მაინც ფეხზე წამომდგარი, უანგაროდ გვინახავს ისტორიას, ტრადიციებისა და წარსულის მოგონებებს. საოცარი ალავერდი – ქართველთათვის ცნობილი ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი, რითიც ქართველ ხალხს შეუძლია მხოლოდ იამაყოს და გაუფრთხილდეს.
შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული – ალავერდი კახეთში, ახმეტის რაიონში, კავკასიონის მთების ძირში, მდინარე ალაზნის ველზე თელავიდან 20კმ-ში მდებარეობს, რომლის აგება VI საუკუნის შუა ხანებში, ერთ-ერთი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის სახელს უკავშირდება. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი კი, XI ს-ის პირველ მეოთხედში, კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას ააგო.
ალავერდი საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ყველაზე მაღალი ეკლესია იყო, თბილისში სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე. ალავერდის ტაძარი გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც გარედან, ისე შიგნიდან. ამ ადგილის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის ფაქტი, რომ ალავერდში დაკრძალულნი არიან კახეთის მეფეები.
აღნიშნულ კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი, გალავანი, სამრეკლო, პალატი, ფეიქარ-ხანის სასახლე, მარანი და აბანო.
ალავერდის ტაძარი ნაგებია რიყის ქვით. ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აფსიდით მთავრდება და ქმნის ე.წ. ტრიკონქს. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. საკურთხეველში და გვერდის აფსიდებში, სამ-სამი მაღალი თაღოვანი სარკმელია. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი თექვსმეტსარკმლიანია და კაპიტელებით დაგვირგვინებულ ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობა. ტაძარი მოხატული ყოფილა. ტაძარს გარს ევლება საკმაოდ ირეგულარული მოხაზულობის გალავანი. იგი ორიარუსიანია. გალავანს ორი შესასვლელი ჰქონდა. სამხრეთ შესასვლელზე XIX საუკუნეში სამრეკლოს ცილინდრული ფანჩატური დაუშენებიათ. პალატი 2-სართულიანი მოგრძო ნაგებობაა და შესასვლელის დასავლეთით დგას. იგი ჩართულია გალავნის კედელში. ტაძრის ჩრდ.-დას-ით დგას ირანის შაჰის ნაცვლის “საზაფხულო” სასახლე. სასახლე რვაწახნაგა ორიარუსიანი კიოსკისგან და მის ჩრდ-აღმ. წახნაგზე მიდგმული დაბალი კვადრატული სათავსისგან შედგება. ტაძრის ჩრდ. კედლის პარალელურად მარანი მდებარეობს, ხოლო აბანო – გალავნის გარეთ. იგი ნაგებია აგურით და რიყის ქვით.
ამ უნიკალურ ადგილს არაერთი ჭირ-ვარამი გადაუტანია, ხან ბუნების უხეში ჩარევით, ხანაც მტრის აოხრებით, რომელიც საქართველოსა და აქ არსებულ ეკლესია-მონასტრებს მრავალჯერ დასტყდომია თავს. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას მთლიანად აღადგინეს გუმბათის ყელი და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 წელს მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსი არც ამჯერად დაინდო სტიქიამ. 25 ივნისს ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარიშხალი იყო, რის შედეგადაც ალავერდის სამონასტრო კომპლექსი მნიშვნელოვნად დაზიანდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადახადა გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანდა ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეული იყო ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანდა სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
Kalaki.ge დაინტერესდა თუ რა ეტაპზეა სტიქიით დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები? – ამ დრო¬ის¬თვის ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება.
ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს კრამიტის ახალი საბურველის მოწყობა. პარალელურად გრძელდება წმ. გიორგის ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) გადახურვის კონსტრუქციის მოსაწყობი სამუშაოები. – ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავი მთლიანად მოიხსნა, გადაიჭიმა ჰიდროსაიზოლაციო მემბრანა.
“კარიბჭე-სამრეკლოს გარე და შიდა პერიმეტრზე მოწყობილმა ხარაჩომ საშუალება მისცა არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფს, შეესწავლათ თუნუქის სახურავის მდგომარეობა. კვლავ მიმდინარეობს კვლევით-საპროექტო სამუშაოები სარესტავრაციო მეთოდოლოგიის შესამუშავებლად.
სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით გრძელდება ხარაჩოს მოწყობა საკათედრო ტაძრის გუმბათის სახურავზე.
ამასთანავე, ინტენსიურად მიმდინარეობს საკათედრო ტაძრის გუმბათისა და საეპისკოპოსო სახლის კვლევით-საპროექტო სამუშაოები.
ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით სასწრაფოდ დაიწყო და გრძელდება ტაძრის ირგვლივ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ სრულფასოვნად მუშაობა.
ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და შექმნილ მდგომარეობას გაეცნო”. – ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ ალავერდის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო 2.3 მილიონ ლარს დახარჯავს. აღნიშნულის შესახებ 9 აგვისტოს გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
დოკუმენტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოზე მთავრობამ თანხმობა გასცა, ახმეტის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმ. გიორგის ტაძრის, სამრეკლოს, საეპისკოპოსო სახლისა და კომპლექსში შემავალი სამუზეუმო და სამეურნეო ნაგებობების სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანებების გადაუდებელი რეაბილიტაციის მიზნით საჭირო სამუშაოების შესყიდვა გამარტივებული წესით განახორციელოს.