მალე დედაქალაქში ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება, პროექტი, რომელიც თბილისს საშუალებას მისცემს მაღალი რანგის მატჩებს უმასპინძლოს
დედაქალაქში, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, ახალი სტადიონი აშენდება, რომელიც 70 000-ს მაყურებელს დაიტევს. თბილისს შესაძლებლობა ექნება უმასპინძლოს უმაღლესი რიგის მატჩებს. ახალი თანამედროვე ტიპის მასშტაბური სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ლოკაციად ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია სახელდება. ინფორმაცია მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა.
“გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც, არსებითად, სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ჩემპიონთალიგის ფინალისჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკი. ასეთ დროს, მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში. რა თმა უნდა, ახალი აეროპორტის მშენებლობაც წაადგება მთლიანად სტადიონის სწორად დატვირთვას.”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.