ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება – ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 1 323 390 ლარი დაიხარჯება
გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დედაქალაქის მერის განმარტებით დედაქალაქში მწვანე სივრცეების არსებობა პრიორიტეტულია.
„აღნიშნულ პროექტს გამგეობა ახორციელებს. ჩვენთვის მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში არის ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოება ხედავს, 2017 წლის შემდეგ რამდენი ასეთი პროექტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა გაგრძელდება. ძალიან ბევრი სივრცე არსებობს დედაქალაქში, რომლის ათვისება შესაძლებელია. ხედავთ, ირგვლივ რამდენი საცხოვრებელი კორპუსია და ამ ტერიტორიის გალამაზება, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზაფხულის ბოლოს დასრულებული იქნება სამუშაოები და ძალიან სასიამოვნო გარემო იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები 7000 კვ.მ ფართობზე შესრულდება: დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის სისტემა; მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, ახალი საფეხმავლო ბილიკები და ადაპტირებული კიბეები, გარდა ამისა, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 323 390 ლარი დაიხარჯება.