რა პერსპექტივა აქვს ტერიტორიას სადაც ახალი საერთაშორისო აეროპორტი უნდა აშენდეს და რას ამბობენ დარგის ექსპერტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ცოტა ხნის წიინ დაანონსა, პროექტი ვაზიანში განხორციელდება. ტერიტორია კი ამჟამად აუთვისებელია, თუმცა დარგის ექსპერტრბი უკვე ალაპარაკდნენ მის პერსპექტივებზე.

რა პერსპექტივა აქვს ტერიტორიას სადაც ახალი საერთაშორისო აეროპორტი უნდა აშენდეს და რას ამბობენ დარგის ექსპერტები

უძრავი ქონების ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, სამართლებრივი რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე ვაჟა მებაღიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მშენებლობის დაწყებასთან ერთად, მიმდებარე ტერიტორიებზე მოსალოდნელია ფასის გაზრდა.

„ზოგადად, როდესაც გარკვეულ უბნებზე ინფრასტრუქტურა ვითარდება, მიმდებარე ტერიტორიებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, თუ იქ განვითარდება ინფრასტრუქტურა ისე, რომ დააკმაყოფილოს ადამიანების საჭიროებები და სურვილები, ცხადია, ფასიც გაიზრდება.

რაც შეეხება ვადებს, როდიდან აისახება ეს ბაზარზე, როდესაც მშენებლობა უკვე აქტიურ ფაზაში შევა და დაინტერესებული პირი დაინახავს, რომ საფუძველი რეალურად ჩაეყარა, გრძელვადიანი პერსპექტივის ნაწილში დაინტერესდება, რომ იყიდოს უძრავი ქონება, ან მიწა. ეს უფრო დამოკიდებულია ინვესტორის გრძელვადიან ხედვებზე. გააჩნია, მშენებლობა რა ტემპებით განხორციელდება. თავისთავად ეს პერსპექტიული, საინტერესო პროექტია და თუ მგზავრთა ნაკადიც გაიზრდება, ამ ტერიტორიაზე ფასები მოიმატებს. გაჩნდება ინტერესი და ამ ტერიტორიებზე დაიწყება ისეთი მშენებლობები, რომელზეც შეიძლება მანამდე არც ფიქრობდნენ“,- განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ვაზიანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ახალი აეროპორტი სრულ შესაბამისობაში იქნება უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. მისივე ინფორმაციით, პროექტირება და ტენდერის პროცედურები მომავალ წელს დასრულდება.

რაც შეეხება დასრულების თარიღს, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ვაზიანის აეროპორტიდან პირველი ფრენა 2028 წელს შესრულდება.