რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება უძრავი ქონების ფასებზე – “მწვანე პოლუსი” თბილისში დაბინძურებულ ჰაერზე, შემაშფოთებელ კვლევას აქვეყნებს
გარემოსდაცვითი პლათფორმა "მწვანე პოლუსი" შემაშფოთებელ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, რეგიონის მასშტაბით თბილისში, ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული.
“უძრავი ქონების ფასებზე ჰაერის დაბინძურებას უარყოფითი ზეგავლენა აქვს. PM2.5 მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის 1მკგ/მ3-ით ზრდა უძრავი ქონების ფასის ერთპროცენტიან შემცირებას იწვევს. სუფთა ჰაერი საცხოვრებელი ადგილის შერჩევის ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.” – ასეთია საერთაშორისო ორგანიზაცია “მწვანე პოლუსის” დასკვნა მას შემდეგ რაც დედაქალაქში ჰაერის მდგომარეობა შეისწავლეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დედაქალაქის ცენტრში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა, უძრავ ქონებაზე ფასები ყოველ კვარტალში იმატებს. როგორც ჩანს ჯერ საზოგადოება ვერ იზრებს იმ საფრთხეს, რამაც შესაძლოა ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვიოს. კვლევასი ასევე საუბარია, ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების კუთხით არსებობს სოციოეკონომიკური უთანასწორობაზე.
“თბილისის გეოგრაფიული მახასიათებლების გამო დაბინძურების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში;
ჰაერის დაბინძურება ზრდის რესპირატორული და მენტალური დაავადებების რისკს თბილისის მოსახლეობისთვის. PM2.5 მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის 1მკგ/მ3-ით ზრდა იწვევს რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 2.2%-ით, ხოლო მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დაავადებების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 4.4%-ით ზრდას;
სოციოეკონომიკური ზეგავლენის გათვალისწინება, გამონაბოლქვის გამოყოფის შემცირების სტრატეგიის შემუშავება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება არის ის ძირითადი ბერკეტები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია თბილისში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
როგორც ნაშრომშია აღნიშნული, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები საერთაშორისო სტანდარტებს მკვეთრად აღემატება. დაბინძურების მაღალი დონით საქართველოს დედაქალაქი მოწინავეა რეგიონში. მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა ცხადყოფს, თუ როგორ მოქმედებს ჰაერის დაბინძურება თბილისის მოსახლეების ჯანმრთელობაზე, შრომით პროდუქტიულობასა და ეკონომიკურ აქტივობაზე. კვლევა ადასტურებს, რომ ჰაერის დაბინძურება სხვადასხვა სოციალურ ფენაზე სხვადასხვა სიმძიმით მოქმედებს, დაბალშემოსავლიანი და განათლების შედარებით დაბალი დონის მქონე ადამიანებს ჰაერის დაბინძურებასთან ადაპტაცია უფრო მეტად უჭირთ. კვლევის ძირითადი მიგნებები ხაზს უსვამს, თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ სოციოეკონომიკური გარემოებები ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის პოლიტიკის შემუშავებისას. მსოფლიო ბანკი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ დაბინძურებული გარემოს ზეგავლენის შესახებ ინფორმირებულობა, ჰაერის დაბინძურების საზომ ხელსაწყოებზე ხელმისაწვდომობა და თავდაცვითი ზომების მიღება საუკეთესო სტრატეგიაა მოკლევადიანი პერიოდისთვის თბილისში მცხოვრები ათასობით ადამიანის გადასარჩენად, საშუალოვადიანი პერიოდისთვის კი პრიორიტეტებს შორისაა სატრანსპორტო სექტორის გამონაბოლქვის შემცირება და სამშენებლო სექტორის რეგულირება.
ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების კუთხით არსებობს სოციოეკონომიკური უთანასწორობა. დაბალშემოსავლიანი და განათლებიის დაბალი დონის მქონე ინდივიდები და ოჯახები უფრო მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ და დაბინძურებასთან ადაპტაციაც უფრო რთულდება. მაღალშემოსავლიანი და განათლების შედარებით მაღალი დონის მქონე ოჯახებზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება უფრო სუსტია, ეს ჯგუფი უფრო მეტად ინფორმირებულია, შესაბამისად დგამს ნაბიჯებს ჰაერის დაბინძურების თავიდან ასარიდებლად.
შენობის იზოლაციის პირობების, მოწევისა და გაზქურის გამოყენების გამო ჰაერის შიდა დაბინძურების მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების.
“მწვანე პლატფორმა” იძლევა რეკომენდაციასაც, თუ როგორი პოლიტიკა უნდა იყოს შემუშავებული:
წინა ფლანგზე უნდა იყოს წამოწეული ქალაქის ცენტრში საავტომობილო საცობებით გამოწვეული დაბინძურების შემცირება. საცობი მკვეთრად ზრდის ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს, შესაბამისად ეს საკითხი უნდა იყოს პოლიტიკის შემუშავების პრიორიტეტებს შორის;
საჭიროა საწარმოო სექტორის რეგულირება და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობა. საწარმოო პუნქტებს, განსაკუთრებით ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საკმაოდ დიდი უარყოფითი ზეგავლენა აქვს ჰაერის ხარისხზე;
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ჰაერის დაბინძურების საფრთხეებისა და თავდაცვითი საშუალებების შესახებ. საჭიროა მიზნობრივი კამპანიების განხორციელება, მაგალითად, ჰაერის გამწმენდი დანადგარების შესახებ.” -ნათქვამია კვლევაში.