ახალი კვლევა დედაქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ვითარებაზე-თბილისში ჰაერი შენობებში უფრო დაბინძურებულია, ვიდრე – გარე სივრცეში

ხშირია, როცა დედაქალაქში დაბინძურებული ჰაერი მკვეთრად იგრძნობა. სურათი თანდათან მძიმდება, იზრდება გამონაბოლქვი და კიდევ უფრო მეტად სხვადასხვა სახით, ყოველდღიურად ბინძურდება თბილისი, თუმცა ახალი კვლევა მართლაც გამაოგნებელია, ვინაიდან მკვლევარები ირწმუნებიან, რომ გარე სივრცეზე მეტად ჰაერი დაბინძურებული საცხოვრებლებშია.

ახალი კვლევა დედაქალაქში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ ვითარებაზე-თბილისში ჰაერი შენობებში უფრო დაბინძურებულია, ვიდრე – გარე სივრცეში

“სიღარიბე და ჰაერის დაბინძურების განაწილებითი შედეგები თბილისში”- ასე ჰქვია ანგარიშს, რომელშიც სწორედ მძიმე ეკოლოგიურ მგდომარეობაზეა საუბარი, კვლევა მსოფლიო ბანკმა შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული ადამიანები ქალაქის ცენტრში ცხოვრობენ, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე უფრო მაღალია, შედარებით უფრო ხელმოკლე შინამეურნეობები და ნაკლები განათლების მქონე პირები ბევრად მოწყვლადნი არიან დაბინძურების უარყოფითი ზეგავლენის მიმართ იმის გამო, რომ უწევთ ღია სივრცეში ხანგრძლივად მუშაობა, არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედების შესახებ.

კვლევის თანახმად, თბილისში დახურულ სივრცეში ჰაერის დაბინძურების დონე ხშირად აჭარბებს შენობის გარეთ ჰაერის დაბინძურებას და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

„ჰაერის დაბინძურება აფერხებს განვითარებას ფატალური დაავადებების გამოწვევით, ზიანის მომტანი საცხოვრებელი პირობების შექმნითა და ეკოსისტემების დარღვევით, რაც ამწვავებს სიღარიბეს და უთანასწორობას. მსოფლიო ბანკი მოწოდებულია გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან ჰაერის დაბინძურების
უარყოფით ზემოქმედებას,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის სიღარიბის დაძლევის და თანასწორობის მიმართულების გლობალურმა დირექტორმა ლუის ფელიპე ლოპეს-კალვამ.