ახალი კანონი-ვის არ გადაახდევინებს პირგასამტეხლოს აჭარის მთავრობა
ეს წესი დამატებითი ვადების მიცემის პირობებსაც განსაზღვრავს.
აჭარის მთავრობამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების წესში ცვლილება შეიტანა. ეს წესი დამატებითი ვადების მიცემის პირობებსაც განსაზღვრავს.
მთავრობა ამ წესის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, როცა ინვესტორი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, ვადებს არღვევს, საინვესტიციო თანხას ვერ იხდის, არღვევს ინვესტიციის განხორციელების წინასწარ დადგენილ გრაფიკს და ითხოვს ვადის გაგრძელებას, ან პირგასამტეხლოს ჩამოწერას.
დარღვევის შემთხვევაში მთავრობა კონტრაქტორს პირგასამტეხლოს აკისრებს, რიგ პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში კი, შესაძლოა ჩამოაწეროს კიდეც ეს ჯარიმები და ვადაც გაუგრძელოს. შესაბამისი ცვლილება აისახება ხელშეკრულებაშიც. კონტრაქტორი კი ვალდებულია, მთავრობას წაუდგინოს გამოუხმობი საბანკო გარანტია ერთგვარი დაზღვევის მიზნით.
ცვლილების მიხედვით, ეს წესი არ გავრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როცა ხელშეკრულებაში ცვლილების ინიციატორი სახელმწიფო სტრუქტურაა.
ასეთ შემთხვევაში [როცა ცვლილების ინიციატორი მთავრობაა] საბანკო გარანტიის წარმოდგენა საჭირო აღარ იქნება.
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებისა და ვალდებულებების შესასრულებლად დამატებითი ვადის მიცემის წესი აჭარის მთავრობამ 2020 წლის ივლისში დაამტკიცა.
ამ წესის მიხედვით, პირგასამტეხლოსგან გათავისუფლებისა და დამატებითი ვადების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობას ადასტურებს სამინისტრო.
შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში სამინისტრო წარმოდგენილ დოკუმენტაციას განსახილველად წარუდგენს ეკონომიკური განვითარების საბჭოს.
პირგასამტეხლოს დაკისრებისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ეკონომიკური განვითარების საბჭოს მიერ საკითხზე დადებითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში.