უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩებს გვირაბი დააკავშირებთ – როდის დაიწყება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი თბილისში
უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი გვირაბის ასაშენებლად 14 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა, ინფორმაციას მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.
ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად გვირაბის შესასვლელი ნაწილი უნივერსიტეტის ქუჩის მიმდებარედ იქნება, ხოლო გამოსასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც დაკავშირებულია პ. ქავთარაძის ქუჩასთან.
საავტომობილო გზის მშენებლობა ითვალისწინებს: მისასვლელი #1 პანდუსის მოწყობას უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან; გვირაბის მოწყობას; გამოსასვლელი #2 პანდუსის მოწყობას მიხეილ შავიშვილის ქუჩის მხრიდან.
გვირაბში გათვლისწინებულია ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით. სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს გათვალისწინებულია 2 მეტრი სიგანის ტროტუარი, ხოლო მარჯვენა მხარეს – 0.6მ სიგანის ტროტუარი(ბორდიური).
უწყების ცნობით, პროექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყება რაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება, ხოლო აღნიშნულს პროექტის განსახორციელებლად სამ წლიანი ვადა ექნება.