რატომ ითხოვს “ანაგი” ახალი ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ვადის გახანგრძლივებას
დღეს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კონტრაქტორი კომპანია ხელშეკრულების ვადის 41 დღით, 2023 წლის 7 ივლისამდე გახანგრძლივებას ითხოვს. შესაბამისი ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან 2022 წლის მარტში გაფორმდა, ადგილზე კი სამუშაოები 14 თვეში, 2023 წლის 25 მაისს უნდა დასრულებულიყო.
დღეს შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კონტრაქტორი კომპანია ხელშეკრულების ვადის 41 დღით, 2023 წლის 7 ივლისამდე გახანგრძლივებას ითხოვს.
მიზეზად კომპანია “ანაგში” ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების/სამუშაოების პროცესში მათგან დამოუკიდებელი ხელისშემშლელ გარემოებებს ასახელებენ. მათი თქმით, კონკრეტული ხელისშემშლელი გარემოების გადაწყვეტა სცილდებოდა კომპანიის კომპეტენციას, რის გამოც “ანაგი” მოკლებული იყო შესაძლებლობას სამუშაო დადგენილ ვადაში დაესრულებინა.
კონტრაქტორის მხრიდან ატვირთულ განმარტებითი წერილში წერია, რომ პირველ ეტაპზე ხელშეკრულების ტექნიკური დავალებით განსაზღვრული საპროექტო მომსახურების პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტების „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის“ წარმომადგენლებთან შეთანხმებას და საბოლოოდ აღნიშნული დოკუმენტების დამკვეთის მიერ დადასტურებას დაჭირდა დიდი დრო, რამაც სხვა ეტაპების ვადები დაარღვია.
ამასთან, კონტრაქტორი კომპანია ამბობს, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის შენობის ელექტრომომარაგება უნდა განხორციელდეს შენობაში ჩაშენებული 2 ცალი 6 კვ ძაბვის ტრანსფორმატორის საშუალებით. მათი თქმით, ასეთი ელექტრომომარაგების გარეშე შენობაში დამონტაჟებული დანადგარების და სისტემების ტესტირება ვერ მოხდება, რაც აუცილებელი წინაპირობაა შესრულებული სამუშაოების დამკვეთისთვის ჩასაბარებლად. შესაბამისად, კომპანია სამუშაოს დასასრულებლად, დამოკიდებულია დამკვეთის მიერ ხსენებული პირობის შესრულებაზე და ადგილზე 2 ცალი 6კვ ძაბვის ტრანსფორმატორის დამონტაჟებაზე.
ამასთან, კონტრაქტორი კომპანია ვადის გახანგრძლივებას კი ითხოვს 2023 წლის 7 ივლისამდე, თუმცა იმ პირობის გათვალისწინებით, რომ თუ აღნიშნული თარიღამდე სულ მცირე 30 კალენდარული დღით ადრე არ იქნება უზრუნველყოფილი შენობის ელექტრომომარაგება, მაშინ სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრება ელექტრომომარაგების უზრუნველყოფიდან 30 კალენდარული დღე.
ცნობისთვის: თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე “ავერსი ფარმაა”, რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ვერ იყენებს.
ინფექციური საავადმყოფო ლუბლიანას ქუჩაზე, ნომერ 70-ში გადადის. შენობის ყოფილი მესაკუთრეა შპს “სამედიცინო ინოვაციების ცენტრი”, რომლისგანაც საქართველოს მთავრობამ ეს უძრავი ქონება შეიძინა. ამ კომპანიის 100%-იან წილს “საპარტნიორო ფონდის” გენერალური დირექტორის დავით საგანელიძის ძმა გია საგანელიძე ფლობს.