ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის საჭირო კვლევები იწყება
"საქაერონავიგაცია" ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის საჭირო კვლევებს იწყებს. სახელმწიფო კომპანიამ, 230 500 ევროს ღირებულების გამარტივებულ შესყიდვაზე შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო, თუმცა ვინ განახორციელებს ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის წინასწარ კვლევებს ცნობილი არ არის.
კვლევის შედეგები ხელშეკრულების გაფორმებიდან 7-8 თვეში მზად უნდა იყოს. კომპანია, რომელთანაც გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გაფორმდება ვალდებულია შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები: ვაზიანის აეროდრომის სახელსაწყო ფრენის პროცედურების და საჰაერო სივრცის საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის (TMA), სამეთვალყურეო არეს (CTR) დაპროექტება/შემუშავება და სამომავლო ადზ-ს განლაგების (ორიენტაციის) შემოთავაზება ეფექტურობისა და გამტარუნარიანობის საუკეთესო შედეგების მისაღწევად; ასევე, სანავიგაციო ტექნიკური საშუალებების შესაბამისი მდებარეობის დადგენა; დაბრკოლებების კვლევა პროცედურების სწორი და უსაფრთხო დიზაინის უზრუნველსაყოფად.