აჭარაში სტიქიის მძიმე შედეგებს ითვლიან – გარდაცვლილი მამაკაცი, დაზიანებული, ინფრასტრუქტურა და სახლის სახურავის გარეშე დარჩენილი 50 ოჯახი
დილიდან აჭარაში სტიქიის შედეგებს ითვლიან, მთელი ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მოსახლეობას მძიმე ღამის გადატანა მოუწია.
აჭარაში ამინდი, გუშინ დღის მეორე ნახევარში შეიცვალა და ქარის სიმძლავრემ თანდათან მოიმატა, მანამდე კი, სინოპტიკოსებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მოსალოდნელი იყო ამინდის ცვლილება და ძლიერი შტორმი ზღვაში.ვითარება კი იმაზე მძიმე აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინათ. მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა ზარები საგანგებო მართვის სამსახურში, ადგილობრივები სოციალურ ქსელში ძლიერი ქარიშხალის შედეგებს, ვიდეო-კადრებით ავრცელებდნენ. გუშინ ღამით გახდა ცნობილი, რომ ქობულეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, ის მანქანაში იმყოფებოდა რა დროსაც ავტომობილს ხე დაეცა, 45 წლამდე პირი ადგილზე გარდაიცვალა. ქობულეთშივე, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, მოზარდს ხის ტოტი დაეცა, რამაც ხელი დაუზიანა. გავრცელებული ინფორმაციით ქობულეთში 50 ოჯახი სახლის სახურავის გარეშეა დარჩენილი.
ჩაქვში, ბოლქვაძეების ოჯახი, მოსალოდნელ ტრაგედიას გადაურჩა, ოჯახის ერთ-ერთი წევრის განცხადებით მათ სახლიდან გამოსვლა მოასწრეს რა დროსაც, საცხოვრებელი მთლიანად ჩამოინგრა. რაც შეეხება ბათუმს, 10 კორპუსი სახურავის გარეშეა დარჩენილი. ქუჩებში მოშლილია ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია ავტომობილები. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. საგულისხმოა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ამინდის კვლავ გაუარესებაა მოსალოდნელი დღის მეორე ნახევარში. ცივი ჰაერის მასები აღმოსავლეთ საქართველოშიც გადმოინაცვლებს.