8 მიკრორაიონისაგან შემდგარი უბანი, რომელიც დღეს თანამედროვე ტიპის დასახლებად იქცა
1800 წლიდან მოყოლებული თბილისი თანდათანობით ზრდას იწყებს. ქალაქის განვითარება, მხოლოდ მისი მიმდებარე ტერიტორიების შემოერთების ხარჯზე ხდება.
1800 წლიდან მოყოლებული თბილისი თანდათანობით ზრდას იწყებს. ქალაქის განვითარება, მხოლოდ მისი მიმდებარე ტერიტორიების შემოერთების ხარჯზე ხდება. იგეგმება ქუჩების რეგულარული ქსელი. შესაბამისად, იცვლება ახლად აგებული შენობა–ნაგებობათა გაბარიტები და არქიტექტურული სახეც.
ინდუსტრიალიზაციის პერიოდში, თბილისში სამუშაოს მსურველები რეგიონებიდან უხვად ჩამოდიოდნენ და ქალაქი საგრძნობლად გაიზარდა. მეორე მსოფლიო ომამდე – 1939 წელს, თბილისის მოსახლეობა 500 ათასზე ოდნავ მეტი იყო. 1959 წლის აღწერით, ომის მიუხედავად, ქალაქის მოსახლეობა 700 ათასამდე გაიზარდა. 1970 წელს კი ქალაქში, თითქმის 900 ათასი ადამიანისთვის იყო სახლი, ხოლო 1979 წლის აღწერამ პირველად დააფიქსირა თბილისი, როგორც მილიონიანი ქალაქი და ის, ახალ მოსახლეებს ვეღარ იტევდა.
საცხოვრებელი რაიონების მშენებლობა ფაქტობრივად, ცარიელ ტერიტორიებზე იგეგმებოდა. ძირითადად ისეთ პერიფერიულ ადგილებში, რომლებსაც არ ჰქონდათ ურბანული მემკვიდრეობა და უბრალოდ, ესაზღვრებოდნენ ქალაქს. ასეთ ტერიტორიაზე სულ ტრიალი მინდორი იყო. ასე იყო გლდანის შემთხვევაშიც.
გლდანის მასივი, სოფელ გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე 1968-1991 წლებში გაშენდა, როდესაც ქალაქ თბილისის ინტენსიური სამოსახლო განაშენიანება მიმდინარეობდა. ამ პერიოდში გლდანის ტერიტორიაზე აშენდა საცხოვრებელი კვარტლები. გლდანის დასახლების მშენებლობისათვის, თავდაპირველად გამოყოფილი იყო – 750 ჰექტარი ფართობი. გლდანის დაპროექტება იმდროინდელ ახალგაზრდა არქიტექტორს, თეიმურაზ ბოჭორიშვილს დაევალა. გლდანის პროექტი 8 მიკრორაიონს მოიცავდა და ინდუსტრიული, ტიპიური მსხვილ-პანელოვანი შენობები, 147 000 ადამიანზე იყო გათვლილი.
სახელწოდება „გარდანი” ყოფილა, რაც მთასა და ბარს შორის გარდამავალ რაიონს ნიშნავდა. მოგვიანებით სახელმა ფორმა შეიცვალა და დღეს მას, გლდანის მასივად მოვიხსენიებთ.
1975-76 წლებში აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავალ-ნასოფლარსა და ნასახლარს მიაკვლიეს. გაირკვა, რომ გლდანის რაიონი უძველესი პერიოდიდან ყოფილა დასახლებული.
1979 წელს შექმნილი, თბილისის დრამატული თეატრი, გლდანის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. თეატრს 1987 წელს ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის სახელი მიენიჭა.
გლდანის ტბა იგივე, „თეთრი ტბა” მიკრორაიონების დასასრულს, ზღვის დონიდან – 546 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ზედაპირის ფართობი 0,2 კმ², აუზის ფართობი 0,77 კმ². ტბის სიგრძე დაახლოებით 900 მ-ია, ხოლო სიგანე 300 მ. ტბის წარმოშობა ტექტონიკურია. დიდი გლდანის ტბა ძირითადად წვიმისა და თოვლის წყლებით და აგრეთვე, მწარე-მარილოვანი წყაროებით საზრდოობს, რის გამოც იგი დამლაშებულია. ტბა გაუდინარია. იგი უკვე სიბერის სტადიაშია. მისი ფართობი მცირდება და სანაპიროები მცენარეულობით არის დაფარული. ის კერძო საკუთრებაშია. დღეს ტბა დაშრობის სასიშროების წინაშეა. სპეციალისტების აზრით, ტბის სამომავლო პერსპექტივა, ინფრასტრუქტურული მოწყობა და ტურისტულ ზონად გადაქცევაა.
დიდი გლდანის ტბიდან დასავლეთით, ზღვის დონიდან 530 მ სიმაღლეზე, პატარა ტბა მდებარეობს. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ², აუზის ფართობი 0,31 კმ². სიგრძე 300 მ, სიგანე 170 მ.
გლდანის რაიონში დღეს 25-მდე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ბავშვებისათვის მთავარი დასასვენებელი და გასართობი ზონა გლდანის პარკია, რომელიც მეხუთე და მეექვსე მიკრორაიონებს შორის მდებარეობს. მოქალაქეები, აქ არსებული იუსტიციის სახლით სარგებლობენ. არის რამდენიმე მოლი, გასართობი ცენტრები, კაფე-ბარები, თუმცა ეს ყველაფერი თავმოყრილია იქ, სადაც გლდანის მეტრო ამოდის. მიკრორაიონების გასწვრივ, ასეთი ობიექტების რაოდენობა თანდათან იკლებს და თვალში გვხვდება ერთფეროვანი მრავალსართულიანი შენობები, რომელსაც საბჭოთა წყობის კვალი ეტყობა.
გლდანს გამოარჩევს ეკლესიებიც, რომლებიც ამ ადგილზე არაერთი გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ასაკის არ არის, მათი არქიტექტურა საკმაოდ შთამბეჭდავია.
„ახმეტელის თეატრი“ თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ბოლო გაჩერებაა. მდებარეობს გლდანის დასახლებაში. გაიხსნა 1989 წლის 7 იანვარს. მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები: გ. რაზმაძე, ს. ჩოლოყაშვილი და გ. მოძმანიშვილი. სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.
სადგური, რომელიც მარმარილოთი და გრანიტითაა მოპირკეთებული, 2007 წელს განახლდა. 14 დეკემბერს დასრულებული სამუშაოების დროს, ცვლილება შეეხო, როგორც შესასვლელის, ისე დახრილი გვირაბისა და მოსაცდელი ვესტიბულის დიზაინს; დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები და განახლდა განათების სისტემა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ურბანულ განვითარებასთან ერთად, გლდანის ტრანსფორმაციაც მოხდა. 8 მიკრორაიონისაგან შემდგარი უბანი დღეს, თანამედროვე ტიპის დასახლებად იქცა. აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სავაჭრო თუ გასართობი ცენტრები.
დეველოპერები სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან აქ არსებული თავისუფალი ტერიტორიებით. განაშენიანება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით, გლდანში დაახლოებით 34 მიმდინარე მშენებლობაა. მშენებარე ბინების ფასი, 1 კვადრატულ მეტრზე 1 700- 3 400 ლარამდე მერყეობს.