7 ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო თბილისში, რომელთა ღირებულებაც 12-დან 18 მლნ-მდე დოლარს შეადგენს
ივლისის ბოლოს, თბილისის სასტუმროებში ღამისთევა 2 პერსონაზე 900 ლარს აღწევს.
ივლისის ბოლოს თბილისის სასტუმროებში ღამისთევა 2 პერსონაზე 900 ლარს აღწევს. Booking.com-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 27 ივნისს ღამისთევა თბილისის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში ყველაზე ძვირი Paragraph Tbilisi-შია, სადაც ამ წუთის მონაცემებით 27-28 ივნისს ღამისთევა 2 ზრდასრულ პერსონაზე 815 ლარია. მეორე ადგილზეა სასტუმრო Tbilisi Marriott-ი, სადაც ანალოგიურ პერიოდში ორ პერსონაზე ღამისთევა 786 ლარია. მესამე ადგილს კი Radisson Blu Iveria იკავებს, სადაც ღამისთევა 700 ლარს აღწევს.
ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს ბაზარზე სასტუმრო ინდუსტრია ყოველდღიურად იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბრენდულ სასტუმროებში განთავსება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ფაქტია მოთხოვნაც ძალიან დიდია, ამის ფონზე უძრავი ქონების სააგენტოებს გასაყიდად გამოტანილი აქვთ სასტუმროები, რომელთა ღირებულებაც მილიონებს აღწევს.
Kalaki.ge უძრავი ქონების სააგენტოებზე დაყრდნობით თბილისში არსებულ, გასაყიდად გამოტანილ, შვიდ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროს წარმოგიდგენთ.
თავისუფლების მოედანზე არსებული სასტუმრო 12,000,000 $-ად იყიდება. ახლად გარემონტებულ სასტუმროში სულ 67 ოთახია. თითოეული მათგანი აღჭურვილია სამზარეულოთი, სარეცხი მანქანებით, უფასო Wi-Fi-ით, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორებით, მინი ბარებითა და სააბაზანოებით. სასტუმროს გააჩნია საუზმის დარბაზი. გარდა ამისა, სასტუმრო მოიცავს ტერასას სახურავზე, კონფერენციის ოთახებს, მრავალფუნქციურ სივრცეებს, 24-საათიანს კონსიერჟის მომსახურებას.
12,947,000 $ – ასე არის შეფასებული აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო. 2022 წლიდან დღემდე, ის ფუნქციონირებს როგორც Ibis-ის ბრენდის სასტუმრო. მისი საერთო ფართი 5,172 მ²-ს შეადგენს. სასტუმროს ადმინისტრაციული სივრცე – 1 სართულზეა განთავსებული. პირველი სართული კი მოიცავს მიმღებს, ლობს საერთო დარბაზით, რესტორანს, ბარს, კერძო პარკინგს. სასტუმროს ნომრები პირველიდან მე-7 სართულამდეა განლაგებული.
ძველი თბილისის ცენტრში, გოგირდის აბანოებთან ახლოს 15,500,000 $-ად შეფასებული სასტუმრო იყიდება. აბანოთუბანში არსებული 152 ნომრიანი სასტუმროს საერთო ფართი 3404 კვ.მ-ს მოიცავს. ოთახების გარდა, სასტუმროს აქვს სპა ცენტრი და რესტორანი.
15,500,000 $-ად შეფასებული მორიგი სასტუმრო სოლოლაკში, კერძოდ კი აბანოთუბანში მდებარეობს. შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 47-ნომრიანი სასტუმროს ტერიტორია მოიცავს: რესტორანს, ავტოსადგომს, კაფე-ბარს, დასასვენებელ სივრცეს, საკონფერენციო დარბაზსა და სპა-ს.
გასაყიდად გამოტანილი სასტუმრო ავლაბარში, 15,500,000 $-ად არის შეფასებული. ავლაბარში ახუნდოვის ქუჩაზე იყიდება 3404,8 მ2 სასტუმრო, შავი კარკასის კოდნიციით, რომელსაც ვერანდა, სამზარეულო, აივნები, რესტორანი და 46 ნომერი აქვს. 3-სართულიანი სასტუმროს მიწის ფართობი 1 072 კვ.მ-ს მოიცავს, რომელიც აღჭურვილია ყველა კომუნიკაციით.
16,000,000 $-ად შეფასებული სატუმრო მდებარეობს თბილისის გულში, მთავარი ქუჩის – რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, ვარდების მოედნიდან 5 წუთის სავალზე. სასტუმროს აქვს 6 ტიპის 158 ოთახი, მათ შორის სტანდარტული, ადაპტირებული და ოთახი ოჯახებისთვის. ოთახები აღჭურვილია ყველაფრით, რაც საჭიროა დასვენებისთვის. ტერიროიის ფართი 4800 მ²-ს შეადგენს.
და ბოლოს, ყველაზე ძვირადღირებული, გასაყიდად გამოტანილი, 160 ოთახიანი სასტუმრო ორთაჭალაში მდებარეობს და მისი ღირებულება 18,000,000 $-ს შეადგენს. სასტუმრო, რომელიც მყიდველს მწვანე კარკასის კონდიციით ბარდება, 13 500 კვ.მ ფართს მოიცავს.