7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა-ბოლო ცნობები სტიქიის ადგილიდან
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში გამართული თათბირის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვირას მუშაობას აქტიურად გააგრძელებენ და ჩვენი გადაწყვეტილებით გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მან რაჭაში განაცხადა, სადაც მინისტრი სტიქიის ეპიცენტრში იმყოფება.
„სამწუხაროდ, უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი”, – თქვა აზარაშვილმა. მისი ინფორმაციით, ცხედრების ნაწილი ახლობლებმა უკვე ამოიცნეს. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 25 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
აზარაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფები.
შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და 400-მდე მეხანძრე – მაშველი. დღეს, 06:00 საათიდან, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე, ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 210 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი; ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.