260-მილიონიანი ტენდერი 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის-კომპანიებს წინადადებების შესატანად ორი დღე აქვთ
სატენდერო პირობების მიხედვით, ერთი ავტობუსის სავარაუდო ღირებულება 1,620,475 ლარს შეადგენს, შესაბამისად მთლიანად ახალი ავტობუსების შესყიდვა 259,276,000 ლარი დაჯდება.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ტენდერი შემჭიდროვებულ ვადებში ტარდება, ის 11 მაისს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ გამოცხადდა (12-14 მაისს დასვენების დღეები იყო), ხოლო მასში წინადადებების შეტანა მხოლოდ ორი დღის – 18-19 მაისის პერიოდში იქნება შესაძლებელი (18 მაისის 00:00-დან 19 მაისის 12:30-მდე).
ამასთან, ტექნიკური მოთხოვნებით განსაზღვრულია 364 პარამეტრი, რასაც ავტობუსი უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია გაბარიტები, ძრავის სიმძლავრე, გაგრილება/გათბობის სისტემა და ასე შემდეგ.
რაც შეეხება მიმწოდებლისთვის დაწესებულ ვალდებულებებს, ის ასე ნაწილდება:
“ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის მანძილზე (2018.01.01 – 2023.01.01.) არანაკლებ 500 (ხუთასი) ცალი 18-მეტრიანი CNG ძრავზე მომუშავე ავტობუსების მიწოდების და წარმოების გამოცდილება ევროკავშირის ქვეყნებში. აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
შემოთავაზებული ავტობუსების მწარმოებელს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 15 (თხუთმეტი) წლიანი წარმოების გამოცდილება 12-დან 18 მეტრამდე ურბანულ ავტობუსებში (ნებისმიერი მოდელის), რომლის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტობუსების მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდი, სადაც მითითებული იქნება ზემოაღნიშნული ინფორმაცია.
2.2.1.3. პრეტენდენტს ან, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ არის მწარმოებელი, შემოთავაზებული ავტობუსის მწარმოებელს უკანასკნელი 3 წლის მანძილზე (2020.01.01 – 2023.01.01.) დამზადებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 50 (ორმაცდაათი) ცალი იგივე მოდელის ავტობუსი (იგივე ძრავით, იგივე საწვავის სისტემით, იგივე ღერძებით და გადაცემათა კოლოფით), რომლებიც შეკვეთილია ან მიწოდებულია არანაკლებ სამი სხვადასხვა ოპერატორისთვის. სამივე ოპერატორი უნდა ოპერირებდეს ევროკავშირში. აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ტენდერში ანგარიშსწორება ევროში მოხდება – “ტენდერის ფარგლებში ავტობუსების შესყიდვის და მათი საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის (ტექნიკური მომსახურეობის) ხელშეკრულებები გაფორმდება ევროში, წინადადების მიღების დასრულების დღეს მოქმედი ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.