საქართველოში 197 ბაზარი და ბაზრობაა რომელთა შემოსავალი მილიონობით ლარია
2022 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 197 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 31.5 პროცენტი ქ. თბილისშია განთავსებული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2022 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 77.2 პროცენტი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად – 19.8 პროცენტი.
2022 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტების შემოსავლებმა 170.7 მლნ. ლარი შეადგინა, საიდანაც 13.1 მლნ. ლარი (7.7 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალია, 149.5 მლნ ლარი (87.6 პროცენტი) – სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 8.1 მლნ ლარი (4.7 პროცენტი) – სხვა შემოსავალი. ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 99.5 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 30.8 მლნ. ლარია.