დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს – წინასწარი შეფასებით ბიუჯეტი 245 მლნ ლარი იქნება

დედაქალაქის მერია პირველ ეტაპზე, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას გეგმავს. დედაქალაქის მერის განმარტებით, სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. წლების წინ ამ მიმართულებით არავის უფიქრია. ერთადერთი დავით ნარმანიამ შემოიყვანა „მანის“ მარკის ლურჯი ფერის ავტობუსები, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. დედაქალაქში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, 18-მეტრიანი ავტობუსები შევისყიდოთ. წინასწარი შეფასებით, 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ჯამური ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით, 245 მლნ ლარი იქნება. ეს თანხა დაკორექტირდება ბაზრის კვლევის შედეგების მიხედვით. 18-მეტრიანი ავტობუსების მოწოდება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წლის განმავლობაში. პირველი 50 ერთეული მოგვეწოდება საორიენტაციოდ, მომავალი წლის აპრილამდე, ხოლო დანარჩენის – 2024 წლის მეოთხე კვარტალში“