13 ივნისის ტრაგედია და საშიში ზონა მშენებლობისთვის
13 ივნისი - დღე, რომელმაც საქართველოს მაცხოვრებლების ცნობიერებაში გარდამტეხი გავლენა იქონია
13 ივნისი - დღე, რომელმაც საქართველოს მაცხოვრებლების ცნობიერებაში გარდამტეხი გავლენა იქონია. თბილისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ შევიდა.წვიმა თბილისში და ამ დროს, ვერეს ხეობასთან გავლა თბილისის მაცხოვრებლებს ჩვენდა გაუცნობიერებლად, უსიამოვნო ემოციას გვგვრის, თუმცა წვიმის მოსვლა ზოგიერთიერთისთვის სიკვდილის ტოლფასია.
„ყოველი წვიმა ჩემთვის სიკვდილია. ყოველი წვიმის მეშინია. მეშინია, რომ ისევ რამე არ მატკინოს და წამართვას. გუშინდელი დღესავით მახსოვს ყველაფერი. შვილებთან ბოლოს კავშირი საღამოს თერთმეტ საათზე დავამყარე, შემდეგ კი ორივეს ტელეფონი გათიშული ჰქონდა“. – ეს ინდირა და ლიზა ზარანდიების დედა მანანა ბახიაა, დედის, რომლის შვილებიც 2015 წლის 13 ივნისს განვითარებულმა სტიქიამ იმსხვერპლა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო – თბილისში 9 სათისათვის დაწყებული წვიმა, თანდათან ძლიერდება. ქუჩებში წყლის მასა თანდათან იმატებს. 4 საათში აქ წვიმის წლიური ნორმის, 35% მოვიდა და ქუჩები დაფარა. მდინარე ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე მყოფი ადამიანები საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. გვიანი ღამე კიდევ უფრო ართულებდა მათ სიტუაციას, შველას ითხოვდნენ.
ადამიანებთან ერთად ვერეს ხეობაში მოვარდნილმა წყალმა სახლებიც კი გაიტაცა. განადგურდა გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. ქალაქი პანიკამ მოიცვა.
სტიქიას ემსხვერპლა 21 ადამიანი, ორი მათგანი დღემდე დაკარგულად ითვლება. კიდევ ერთი ადამიანი ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა იმსხვერპლა. ღვარცოფს ზოოპარკის სამი თანამშრომელიც, გულიკო ჭიტაძე, მისი მეუღლე და გივი დვალი ემსხვერპლნენ. სტიქიამ დები ზარანდიების, ივლიტა ჯიბუტისა და კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 37 წლის მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა 7 ადამიანის სიცოცხლე საკუთარის სანაცვლოდ გადაარჩინა.
დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა და ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.
დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოშლა, უხვმა ნალექმა გამოიწვია. ნაშალი მასა მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა, რის გამოც მდინარე ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
სპეციალისტები მომხდარს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ მეწყერს უკავშირებდნენ. „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების“ (CENN) ქსელში კი განმარტეს, რომ მდინარე ვერეზე უძლიერესი წყალმოვარდნის კატასტროფული ეფექტის მთავარი მიზეზი არის ამ მდინარის კალაპოტისპირა დაბალი ტერიტორიების ადამიანის მიერ, წინდაუხედავი, გაუაზრებელი, დასაბუთებას მოკლებული სამეურნეო ათვისება, რაც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ადამიანის ბუნებასთან ჭიდილი ყოველთვის ადამიანის მარცხით, რომ მთავრდება ამაში კიდევ ერთხელ 2015 წლის 13 ივნისს დავრწმუნდით. კადრები, რომელებიც ამ დღეს იხილა ხალხმა, მათი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება.
ტრაგედიიდან 8 წლის განმავლობაში დარგის სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მკვლელ ზონაში განაშენიანება დაუშვებელია:
2016 წელი – საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები – საქართველოს თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე: – „მაშინ, როდესაც ამ ზონას შეუცვალეს სტატუსი და ის რეკრეციული ზონა აღარ არის, ჩვენ გვქონდა არაერთი შეკრება ამ საკითხებზე. სათითაო ლენტები შევაბით ხეებს და ვითხოვდით, რომ ხელს ნუ ახლებდნენ და არ მოეჭრათ, მაგრამ არავინ არ გაითვალისწინა. ვსაუბრობდით, რომ ხეობა არის საფრთხის შემცველი. ამ ხეობას ახსოვს ბევრი ტრაგედია. მისთვის დამახასიათებელი იყო წყალდიდობები, წყალმოვარდნები. განსაკუთრებით ის მას მერეა საშიში, რაც იქ აფეთქებებით გაიჭრა ვაკე საბურთალოს გზა. დაიწყო ქვაცვენა, რადგან ბზარები გაუჩნდა კლდეს ვერეს კალაპოტი იყო შეცვლილი და მდინარემ თავისი კალაპოტი დაიბრუნა“.
2018 წელი – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მეწყერსაშიშ ზონებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული რეკომენდაციაა გაცემული. სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ ვარაზისხევში, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დეველოპერებს, შესაძლოა, მშენებლობა აეკრძალოთ. ამაზე ყურადღება გაამახვილა ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ. – „სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე მშენებლობა უნდა აიკრძალოს, ხოლო უკვე აშენებული შენობების დასაცავად სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები მოეწყოს. მეწყრული პროცესების გააქტიურების ალბათობა დიდია. მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია, რის გამოც არსებობს სტიქიური პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა. მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვნალექიანობის გამო დაძრული მეწყრის ან ღვარცოფის შედეგად მოსალოდნელია მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და არსებული ჯებირებიდან წყლის ნაკადის გადმოსვლა“.
2020 წელი – ვერეს ხეობიდან გარიდებაზე საუბარია ყველა კვლევაში. ერთ-ერთი USAID-ის მხარდაჭერით, შეერთებული შტატების სატყეო სამსახურმა გააკეთა. სტიქიისგან თავის დასაღწევად, სამ ეტაპიანი რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო. პირველი, დატბორვის არეალის ზუსტ განსაზღვრასა და ახალი მშენებლობების კატეგორიულ აკრძალვას გულისხმობს.
2022 წელი – დედაქალაქის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ვერეს ხეობაში, გაბაშვილის ქუჩის N11 კორპუსის მიმდებარედ, ჩამოშლილი ფერდის გამაგრების სამუშაოებს გაეცნენ. ფერდის გასამაგრებლად რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. – „ეს ადგილი წარმოადგენდა საფრთხეს, მოსახლეობის ძალიან დიდი თხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელება და რა თქმა უნდა, შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. მიწის ქვეშ, 9 მეტრის სიღრმეში კეთდება ხიმინჯები. კედლის სიგანე დაახლოებით 140 მეტრი იქნება, ხოლო სიმაღლეში იქნება 9 მეტრი. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ვაკის რაიონის გამგეობა განახორციელებს კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოება და ჩვენ ვხედავთ, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ის საფრთხე, რაც ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას, ყველანაირად მოხსნილი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მაშინვე დაანონსდა, რომ პროექტის განსახორციელებლად დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა. სამუშაოების დასრულება კი 2023 წლის თებერვალში იგეგმებოდა.
თუმცა ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე მთავარი რეკომენდაცია, რაც სპეციალისტებმა 2015 წლის ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გასცეს, უბედური შემთხვევების რისკის შესამცირებლად მომავალში, იყო ის, რომ მდინარის ჭალები თავისუფალი ყოფილიყო ადამიანის ჩარევისგან: შენობებისგან, ჯებირებისგან, მანქანებისგან. თუმცა რა ხდება 8 წლის შემდეგ? – მდინარის გასწვრივ, მკვლელ ზონაში მშენებლობა მაინც გრძელდება. სტიქიამ მშენებლობების ტემპი ვერ შეანელა.
არსებობს თუ არა 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის განმეორების საფრთხე? ამ დრომდე გეოლოგები აცხადებენ, რომ ვერეს ხეობაში მშენებლობების წარმოება დაუშვებელია. მათი აზრით, სტიქიის გამეორების საფრთხე ისევ არსებობს – წყნეთი-ბეთანიის გზაზე მოწყვეტილი მთა ისევ ქმნის მეწყრის საშიშროებას.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ სტიქიის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობები ცალსახად ეწინააღმდეგება გეოლოგების სხვადასხვა დასკვნას – მისი თქმით, ამ ადგილებში დაუშვებელია მშენებლობების წარმართვა. თეა გოდოლაძე პრევენციულ ზომებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც ამ ტერიტორიაზე გაკეთდა არის კოსმეტიკური სამუშაოები.
ვერეს ხეობაში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას მოსახლეობა წლების განმავლობაში აპროტესტებდა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მდინარე ვერეს მახლობლად კორპუსის აშენება საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, მოსახლეობა აცხადებს, რომ მძიმე ტექნიკის გადაადგილება საფრთხეს მიმდებარე კორპუსებსაც უქმნის, რადგან ძველი შენობები ისედაც დაბზარულია.
სტიქიის აღსაკვეთად პრევენციის ზომები მიღებულია. მათ შორის, რამდენიმე ადგილზე სპეციალური რადარები დამონტაჟდა. მეცნიერები უკვე წლებია ბეთანიისა და წყნეთის ტერიტორიას აკვირდებიან, თუმცა ვერეს ხეობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სპეციალისტების აზრით, ხეობა მაინც საფრთხის შემცველია. 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად მხოლოდ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარი დაიხარჯა.