„თბილსერვის ჯგუფმა“ ვარკეთილში გარე განათების ქსელი მოაწყო
ვარკეთილის დასახლებაში, ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩებზე გარე განათების ქსელი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 58 ერთეული 12-მეტრიანი მრავალსანათიანი საყრდენი ბოძი და 696 ცალი პროჟექტორი დამონტაჟდა. ქსელის სიგრძე 3 200 მეტრია.
„ვარკეთილში ე.წ. ბაბლთაურების მოწყობის პირველი ეტაპი დავასრულეთ, რამაც სრულიად შეცვალა ამ ქუჩების იერსახე. სამომავლოდ მეორე ეტაპს დავიწყებთ, რომლის ფარგლებშიც კუპრაძის ქუჩის ბოლომდე და ზედგენიძის ქუჩაზე კიდევ
40-მდე ასეთივე განათების ბოძი დამონტაჟდება“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.
სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დავალებით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა შეასრულეს. პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 799 578 ლარს შეადგენს.