საზოგადოების ვნებათაღელვის ფონზე დაწყებული მშენებლობა – Orbi Bakhmaro-ში აპარტამენტების გაყიდვა გრძელდება
საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი კურორტებით.
საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვანი კურორტებით. გარდა სასიამოვნო დასვენებისა, მისი კურორტების უმრავლესობის ჰავა და წყალი საუკეთესო სამკურნალო თვისებებით გამოიჩევა, ერთ-ერთი მათგანი - ბახმაროა. იგი ნისლებისა და ღრუბლების სამეფოა, ამ სილამაზის აღბეჭდვა სრულად ფოტოებზე შეუძლებელიცაა, ამიტომ ეს ყველაფერი თუ ჯერ კიდევ ნანახი არ გაქვთ, უნდა ნახოთ.
“გურიის მიწიერი სამოთხე” – ბახმაროს შეუდარებელ გარემოს ხშირ შემთვევაში ასეც მოიხსენიებენ. განცვიფრებას იწვევს ამ მაღალმთიანი კურორტის, მთავარი სამკურნალო ფაქტორი – მთისა და ზღვის შერეული ჰავა. სოჭითა და ნაძვით მდიდარ ქვაბულში, ზღვის დონიდან 1926-2050 მეტრზე მდებარე ბახმაროს სამკურნალო თვისებები, ჯერ კიდევ 1890-იან წლებში აღმოუჩენიათ და მისი კურორტად ჩამოყალიბება ზუსტად ამ დროიდან იღებს სათავეს. ბახმაროს 1923 წელს, კურორტის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ბახმაროს სეზონი ზაფხულში დაახლოებით ორ თვეს გრძელდება და კულმინაციას ყოველი წლის 19 აგვისტოს ტრადიციული დოღისა და დღესასწაულის დროს აღწევს.
ამ ადგილს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, ზამთარში მთებზე შეფენილი კოტეჯები ზემოდან წერტილებად, რომ გაფანტულან – ზოგი მათგანი მთლიანად თოვლშია ჩაფლული.
მთებით გარშემორტყმულ კურორტზე გავრცელებული იყო დაბალი, მეტწილად ერთსართულიანი ხის სვეტებზე შემდგარი და ხისგან აშენებული, ყავრით გადახურული აივნიანი სააგარაკო სახლები. მოქმედი წესებით, ბახმაროში შესაძლებელი იყო მხოლოდ ხით და ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული სახლების მშენებლობა, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, ბახმაროს მთებში ახალი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობამ, მთელი საქართველო შეძრა.
კომპანია “ორბი ჯგუფმა” ბახმაროში ახალი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. როგორც კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ვგებულობთ, ახალი მშენებლობა კურორტს საერთაშორისო მნიშვნელობას შესძენს. პროექტის ავტორი მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში შესული კომპანია WilkinsonEyre-ის პარტნიორი და დირექტორი, ცნობილი არქიტექტორი, სემ ვრაითია.
მათივე ცნობით, მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი ბახმაროში, პირველი მასშტაბური პროექტია, რომლის არქიტეტურა გარემოსთან ადაპტირებული, მთის კურორტისთვის დამახასიათებელი უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. სწორედ ადგილობრივი ლანშაფტი გახდა პროექტის ავტორის ძირითადი ინსპირაციის წყარო.
პროექტის ტერიტორია მოიცავს 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 1 ჰექტარზე სასტუმრო კოპლექსის შენობა განთავსდება, ხოლო 7 ჰექტარი დაეთმობა რეკრეაციულ და დასასვენებლ სივრცეებს. სასტუმრო კომპლექსი გააერთიანებს 350 აპარტამენტს და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. კომლექსში განთავსდება სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები, სპა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ასევე დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, კინო-თეატრი, საცურაო აუზი და პარკინგი, რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად 300 000-ზე მეტ ტურისტს მოემსახუროს. “ორბი ჯგუფის” ცნობით, კოპლექსის დასრულების ვადა 2025 წლის დეკემბერია.
აღნიშნული პროექტით, ბახმაროს უნიკალურიბის დაკარგვის შიშმა, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გარდა ბახმაროს მკვიდრთა ოფიციალური განცხადებებისა, სოციალურ ქსელებში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამდა.
მათ უერთდებოდნენ სპეციალისტებიც:
„ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ მშენებლობა დიდ საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს განვითარებას და დასძენს, რომ ყველა ინვესტიცია ეკონომიკისთვის სასარგებლო არაა, თუ მას არ მოჰყვება გააზრებული გადაწყვეტილებები. ამის მაგალითად ორგანიზაციას გუდაური და ბაკურიანი მოჰყავს.
ასევე, “საყდრისის კომიტეტი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს: „იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი მშენებლობა არ შეჩერდება, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრები დაუყოვნებლივ გააპროტესტებენ ამ ფაქტს ადგილზე. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ეკოლოგიისა და კულტურის საკითხებზე მომუშავე ყველა ორგანიზაციას და აქტივისტს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. აუცილებელია, დროულად დაისახოს სამოქმედო გეგმა, რათა გადავარჩინოთ ეს უნიკალური კურორტი და მისი მდიდარი ბიომრავალფეროვნება. მოვუწოდებთ გარემოს დაცვის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ამ ფაქტის მიმართ და შეაჩერონ ბიზნეს აქტივობა, რომელიც უნიკალური ბუნების ძეგლის განადგურებას გეგმავს!”
მეუფე საბა ინწკირველი, ბახმაროში დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობით უკმაყოფილოა: “ახლა დუმილის დრო არ არის! მე პირადად არ მომწონს ეს პროექტი, თავისი უნიკალურობით და უბრალოებით რაც იყო ბახმარო აღარ იქნება! სანამ დროა შეაჩერეთ ეს პროექტი! ვის თუ არა მე გამიხარდება ჩემი ულამაზესი გურიის განვითარება. შემოვდივარ იდეით, ამ ბეტონის ნაგებობის ნაცვლად აშენდეს ახალი ხის კოტეჯების დასახლება და მიეცეს უცხოეთში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს მისი შესყიდვის საშუალება”
ამასთან, შეიქმნა მოქალაქეთა პეტიცია ბახმაროს გადასარჩენად!
მოქალაქეები მიმართავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს:
– გაუქმდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსის, 2023 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №1-1/64;
– პროცესები დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე;
– მომზადდეს განაშენიანების დეტალური გეგმის განახლებული პროექტი, რომელიც სწორად განსაზღვრავს აღნიშნული ტერიტორიების მნიშვნელობას ბახმაროს მდგრადი განვითარების სტრატეგიაში, უპასუხებს ქალაქგეგმარებით, საპროექტო, ეკოლოგიურ, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, გაითვალისწინებს მსოფლიოს საკურორტო დასახლებების განვითარების საუკეთესო პრაქტიკას და მომზადდება ფართო სამოქალაქო და პროფესიული წრეების ჩართულობით. გავითვალისწინოთ ლანდშაფტის ათვისების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება!
კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ბახმაროს პროექტის გარშემო საზოგადოებაში ატეხილ ვნებათაღელვას ეხმაურება და ამბობს – „მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბახმაროს განვითარების გეგმაში თავიდან ბოლომდეა დაცული ის პარამეტრები, რომელიც ბახმაროს იდენტობის შენარჩუნების გარანტიცაა, რატომ? იმიტომ რომ ბახმაროს სრული ტერიტორიის, 3000 ჰა-დან 80% რჩება აუთვისებლად, ლანდშაფტურად. დანარჩენ ნაწილშიც, პროექტი, რომელსაც ჩვენი კომპანია ახორციელებს, მშენებლობა არის ძალიან მცირე ნაწილზე გათვალისწინებული”.
დაგეგმილ მშენებლობას ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა – “ბახმაროს რაც შეეხება – მე როგორც მითხრეს, არსებული, წარმოდგენილი პროექტი შეესატყვისება იმ გეგმას, რომელიც ძალიან ფართო ჩართულობით მომზადდა. თუ ამ პროექტთან დაკავშირებით სხვა ობიექტური კითხვები არსებობს, მთავრობის წევრებთან ერთად განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და შეგვიძლია, ამის საფუძველზე, მოგვიანებით დეტალური ინფორმაცია გაგიზიაროთ. დღევანდელი მოცემულობა ისაა, რომ წარმოდგენილი პროექტი ფართო ჩართულობით მომზადებულ გენგეგმას შეესაბამება. დანარჩენზე ვიმსჯელებთ და ვნახავთ, რა შეიძლება, გაკეთდეს”.
ამასობაში ბახმაროში „ორბი ჯგუფმა” მრავალფუნქციურ კომპლექსში, აპარტამენტების გაყიდვა დაიწყო. კომპლექსში გაიყიდება „პრემიუმ კლასის“ 350 ნომერი. აპარტამენტების მინიმალური ფასი კვადრატულ მეტრზე 1500 დოლარიდან იწყება.