დედაქალაქში მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაცია მიმდინარეობს – აცრა მიმკედლებლებთან კოორდინაციით ხორციელდება
თბილისში, მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაცია მიმდინარეობს, სურსათის ეროვნული სააგენტო და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო აცრას ატარებენ.
ვეტერინარებმა პირველ ეტაპზე ვარკეთილის ბინადარი მიუსაფარი ცხოველები აცრეს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია მიმკედლებლებთან კოორდინაციით ხორციელდება. ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება.
მიუსაფარ ცხოველთა ვაქცინაცია ეტაპობრივად თბილისის ყველა უბანს მოიცავს.
“თუ თქვენს ცხოველს შეამჩნევთ დაავადებისათვის დამახასიათებელ კლინიკურ ნიშნებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში, ჭრილობა სასწრაფოდ ჩამოიბანეთ საპნითა და წყლით, შემდგომ აუცილებლად მიმართეთ რაბიოლოგს. ცოფის ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში, ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ყოველწლიურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს და 300 ათას ძაღლსა და კატას ცრის.” ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.