კახა კალაძე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს დავალიანება ჩამოეწერებათ
დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ვალი ჩამოეწერებათ.
„2011-დან 2014 წლამდე თბილისის მერიამ და გამგეობებმა გასცეს სესხები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე, რომელთა დაბრუნების შესაძლებლობაც ამ ამხანაგობებს არ ჰქონდათ. ამის გამო, ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში, ვერ
ახერხებდნენ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამაში ჩართულობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხანდაზმულობიდან გამომდინარე, მოხდეს ამ ვალის ჩამოწერა, რის შემდეგაც მიეცემათ შესაძლებლობა, მომდევნო წლების განმავლობაში აღნიშნულ პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბმა-ს პროგრამა იძლევა საცხოვრებელი კორპუსების მოწესრიგების შესაძლებლობას, ეს იქნება სახურავის შეცვლა, სადარბაზოს განახლება, შიდა კიბეების მოწესრიგება თუ სხვა“, – განაცხადა კახა
კალაძემ.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გაკეთდეს, იღებენ თავად კორპუსის მცხოვრებლები და ამხანაგობის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ პროექტს ადგილობრივ გამგეობაში.