სამხარაულის საექსპერტო დასკვნა – ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე ახალაშენებული კორპუსი ექპლუატაციისთვის უვარგისია

თბილისში, ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე ახალაშენებული კორპუსი, დროებით შეუსაბამოა ექსპლუატაციისთვის. - ასეთია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. აიკრძალა სამშენებლო ობიექტის ფუნქციონირება, მერიის მიერ აღნიშნული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებამდე.

სამხარაულის საექსპერტო დასკვნა – ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე  ახალაშენებული კორპუსი ექპლუატაციისთვის უვარგისია

დედაქალაქის მერის ინფორმაციით მოსახლეობა დროებით საცხოვრებელშია გადაყვანილი.

„ვაშლიჯვარში, ემხვარის ქუჩაზე, დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსში საყრდენ კონსტრუქციებს გაუჩნდა ბზარები. საბურთალოს რაიონის გამგეობამ, უსაფრთხოების მიზნით, პირველივე დღესვე უზრუნველყო მოსახლეობის ევაკუაცია და 53 ოჯახი გადაიყვანა სასტუმროში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოსახლეობის დროებით საცხოვრებელში გადაყვანა და ბინების
ქირით კომპენსაცია. დღემდე, გამგეობის წარმომადგენლებს და პირადად გამგებელს აქვს აქტიური კომუნიკაცია ამ ადამიანებთან. გარდა ამისა, გამგეობამ დაჩქარებული წესით შეუკვეთა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს კვლევა, რომლის დასკვნის თანახმად, კორპუსი ექსპლუატაციისთვის დროებით უვარგისია. საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხო იყოს, რაც შეეხება უშუალოდ აღნიშნულ მშენებლობას, ნებართვის მფლობელი და მშენებლობის განმახორციელებელია შპს „თორი“. მშენებლობის ნებართვა გაიცა 2016 წლის 12 იანვარს, ხოლო მშენებლობის ვადა მშენებელს განესაზღვრა 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით. მშენებლობის დასრულების შემდეგ მოხდა მობინადრეების შესახლება ისე, რომ კომპანიას შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიისთვის არ მოუმართავს. იმ პერიოდში აღნიშნული ქმედება სამშენებლო სამართალდარღვევად არ მიიჩნეოდა. შესაბამისად, ხშირი იყო შემთხვევები, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში მობინადრეების შესახლება ხდებოდა. ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემებს ქმნიდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ივლისში ამოქმედდა ახალი კანონი რომლის მიხედვითაც, საცხოვრებლის მერიის მიერ ექსპლუატაციაშია მიღებამდე, შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება იკრძარება.

რაც შეეხება კოკრეტული კორპუსის მაცხოვრებლებს, კახა კალაძის განმარტებით ვინაიდან უმეტესობას საცხოვრებლები იპოთეკით აქვთ დატვირთული, დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

„მინდა, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებს მივმართო, დავამშვიდო – ჩვენ მაქსიმალურად გვერდით დაგიდგებით. გვაქვს ბევრი სხვადასხვა სახის პროგრამა. მინდა, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ დაიწყოთ მუშაობა, დაიბაროთ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები. ვიცი, რომ უკვე გქონდათ რამდენიმე
შეხვედრა. ეს პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა, რომ დაიწყონ შესაბამისი სამუშაოები, რათა პრობლემა მოგვარდეს. აქ მცხოვრები ადამიანების დიდ ნაწილს სესხი აქვს, ბინები იპოთეკით დატვირთულია. შესაბამისად, მათ მაქსიმალური თანადგომა სჭირდებათ, თუ როგორ და რა ფორმით, ამაზე რაც შეიძლება მალე
იმსჯელეთ და იმუშავეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.